top of page

უბნის სტადიონზე დაწყებული სარაგბო ოცნება: ინტერვიუ რაგბის კლუბ რაშების დამფუძნებელ ერეკლე კამლაძესთან

Sep 28
4 min read

მცირეხნიანი არსებობის მიუხედავად, თბილისური სარაგბო კლუბი „რაშები“ ქართულ სარაგბო თემში უკვე კარგად არის ცნობილი და ერთერთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. 2017 წელს დაარსებული კლუბი საკუთარ ისტორიას დღეს, ჩვენ თვალწინ წერს. გუნდმა განსაკუთრებით ახალგაზრდულ ლიგებში გამოიჩინა თავი და პროფესიულ წრეებში დამსახურებული აღიარება, ავტორიტეტი და დიდი პატივისცემა მოიხვეჭა. არსებობის სულ რაღაც ცხრაწლიან მონაკვეთში, „რაშებმა“ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. დღეს კლუბს უფროსების ჩემპიონატში სრულიად ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც ძირითადად „რაშებისვე“ აღსაზრდელებით არის დაკომპლექტებული. ამასთან, კლუბი ყველა ასაკობრივ ლიგაში ასპარეზობს. მათმა U16 გუნდმა გასულ სეზონში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — მართალია, ჩემპიონატის ნახევარფინალში ტრადიციულად ძლიერმა და სახელოვანმა ქუთაისის „აიამ“ ფინალისკენ გზა გადაუღობა, თუმცა ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ხვამლი“ დაამარცხეს და კლუბის ისტორიაში პირველი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ წარმატებებისა და იმ რთული, მაგრამ საინტერესო გზის შესახებ, რომელსაც კლუბი დღემდე გადის, მის დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელს, ერეკლე კამლაძეს ვესაუბრეთ.


შინაგანი რწმენა


— ერეკლე, როგორ დაიწყო „რაშების“ ისტორია? რა ვითარებაში დაიბადა სარაგბო კლუბის დაარსების იდეა?

— სარაგბო კლუბის დაარსების იდეა დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა. მე მთელი ცხოვრება რაგბში ვარ — წლების განმავლობაში კლუბ „ლელოს“ შემადგენლობაში ვირიცხებოდი. თუმცა, აქტიური სპორტული კარიერის პარალელურად, ასევე ახალგაზრდების მწვრთნელადაც ვმუშაობდი. კერძოდ, ნახალოვკაში არსებობდა კლუბ „ლელოს“ ერთგვარი ფილიალი, სადაც ბავშვებს ვავარჯიშებდი. შესაბამისად, მწვრთნელობისა და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება ადრეულ ასაკშივე დამიგროვდა. თუმცა კლუბის დაარსების მომენტი ცოტა მოგვიანებით, 2017 წელს დადგა, როდესაც არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი.


— რა არჩევანს გულისხმობთ?

— როგორც გითხარით, ამ დროს ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი ვიყავი და საფრანგეთში თამაშის გამოცდილებაც მქონდა. ამავე პერიოდში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მოთამაშის კარიერა უცხოეთში, კერძოდ — ანდორაში გამეგრძელებინა. კლუბთან შეთანხმება მიღწეული იყო და ქვეყნიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი, თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დარჩენა და ახალგაზრდებთან მუშაობა ვარჩიე.


— რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი? პირადი კარიერის დათმობა, ალბათ, იოლი არ იყო.

— რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ბევრ რამეს სხვაგვარად, სულიერი თვალით შევხედე. როდესაც რწმენაში ხარ, შენი ღირებულებები მთლიანად იცვლება. მივხვდი, რომ პირადი წარმატება და უცხოური კარიერა აღარ იყო ჩემთვის მთავარი მიზანი. შინაგანად ვიგრძენი, რომ ჩემი მოვალეობა აქ, ჩემს უბანში დარჩენა და ამ ბავშვების გვერდით დგომა იყო — მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მოზარდი მომეწყვიტა ქუჩას და მათთვის სწორი გზა მეჩვენებინა. ჩავთვალე, რომ თუ ამ საქმეს გულით შევეჭიდებოდი, ეს ბევრად უფრო ფასეული და ღირებული იქნებოდა, ვიდრე ჩემი პირადი სპორტული ამბიციები. ამ შინაგანმა რწმენამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დამეთმო ყველაფერი და ნულიდან დამეწყო „რაშების“ შენება.


— ფაქტობრივად, არჩევანი გარანტირებულ კარიერასა და გაურკვეველ ოცნებას შორის გააკეთეთ. როგორ შეხვდნენ ამ ნაბიჯს თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები?

— დიახ, გარედან რომ შემოგეხედათ, ერთ მხარეს იდო კონკრეტული ევროპული კონტრაქტი, მეორე მხარეს კი — აბსოლუტურად არანაირი გარანტია, მხოლოდ იდეა და იმედი. თუმცა, შინაგანად მყარად მჯეროდა, რომ ჩემი აქ დარჩენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი იქნებოდა. რაც შეეხება ოჯახს - ჩემი მეუღლე ამ გადაწყვეტილებას უდიდესი გაგებით მოეკიდა. მან სრულად გაიზიარა ჩემი შინაგანი რწმენა და ხედვა, პირველივე დღიდან ყოველმხრივ გვერდით დამიდგა და დღემდე აქტიურად მეხმარება კლუბის ყოველდღიურ საქმეებში, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ.


ცოტნე დადიანის 34 და პირველი ,,რაშელები“


— კარგით ერეკლე, ერთი მხარეა სურვილი, მაგრამ მეორე — რეალური შესაძლებლობები. კლუბის დაარსება დიდ დროს, შრომასა და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს მოითხოვს. თქვენ როგორ წარმართეთ ეს პროცესი?

— დიახ, ლოჯისტიკური საკითხები და კლუბის მენეჯმენტი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. მალევე მივხვდი, რომ აქტიური სპორტული კარიერისა და ახალი გუნდის შენების შეთავსება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ახალგაზრდებთან მუშაობა უდიდეს ყურადღებასა და დროს მოითხოვს, ამიტომ მიუხედავდ იმისა, რომ თავს ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვგრძნობდი, აქტიურ სპორტს 29 წლის ასაკში ჩამოვშორდი, რათა მთელი ენერგია ბავშვებისთვის დამეთმო. კლუბის დაარსების იდეა გზის დასაწყისშივე კარგ მეგობარსა და მორაგბეს, დიტო კალანდაძეს გავუზიარე, რომელიც ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე დამთანხმდა და დღემდე ერთად მოვდივართ ამ გზაზე. ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ სხვა ბიჭებიც და დღეს კლუბში უკვე რვა მწვრთნელი მუშაობს.


— ერეკლე, თქვენ აღნიშნეთ, რომ კლუბის დაარსების მთავარი მიზანი ახალგაზრდების სპორტში ჩართვა იყო. საიდან და როგორ მოვიდნენ პირველი „რაშელები“?

— ბავშვების მოყვანა პირადად დავიწყე. ვეძებდი ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა: სკოლებში, სამეგობრო წრეში, უბან-უბან, ქუჩაში, კაფეშიც კი (იცინის). მოკლედ, სადაც კი ახალგაზრდას ვნახავდი, ველაპარაკებოდი და ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა და რაგბზე მოსულიყო. საამაყოა, რომ დღეს ჩვენი კლუბის უფროსების გუნდში სწორედ ის ბიჭები თამაშობენ, რომლებთან ერთადაც 9 წლის წინ ეს ყველაფერი დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ და კლუბს საფუძველიც ერთად ჩავუყარეთ.


— და მაინც, სად დაიწყო ეს ისტორია?

— თავიდან ვარჯიში უბანში, ჩვეულებრივ მინი-ფეხბურთის სტადიონზე დავიწყეთ...


— რაგბი მინი-ფეხბურთის მოედანზე?

— (იცინის) დიახ, პირველი ნაბიჯები ცოტნე დადიანის 34 ნომერში მდებარე საუბნო მოედანზე გადავდგით. მაშინ ბიჭები პატარები იყვნენ და რაგბის ფუნდამენტს ამ მცირე სივრცეშიც წარმატებით ვასწავლიდით. თუმცა, დროთა განმავლობაში მოთამაშეთა რაოდენობამ იმატა, ბიჭებიც წამოიზარდნენ და ვარჯიშებისთვის დიდი სივრცე გახდა საჭირო. დავიწყეთ ძებნა და თბილისის ზღვაზე ვიპოვეთ ცარიელი მინდორი. ბიჭებთან ერთად, ჩვენივე ძალებით, შეძლებისდაგვარად მოვაწყვეთ მოედანი, პატარა გასახდელი და ბოლო დრომდე სწორედ იქ ვვარჯიშობდით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭების ეს თავდაუზოგავი შრომა და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის სრული ძალისხმევით, ახლა სწორედ იმ ადგილას თანამედროვე მოედანი შენდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი ჩართულობითაც ეს პროექტი ხორციელდება. მშენებლობა 2027 წლისთვის დასრულდება და ჩვენ მალე დავუბრუნდებით მშობლიურ, მაგრამ აწ უკვე განახლებულ მინდორს, რაც კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.


ჩვენს სათქმელს ღირსეულად ვიტყვით


— ერეკლე, საით მიდის „რაშები“? როგორია თქვენი კლუბის სამომავლო გეგმები, მიზნები,?

— შესაძლოა, ვინმესთვის ეს დღეს არარეალისტურად ან გადამეტებულად ჟღერდეს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა, მყარად მწამს, რომ რამდენიმე წელიწადში „რაშები“ ქართულ რაგბში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ჩვენი უფროსი გუნდის ბირთვს სწორედ ის ბიჭები ქმნიან, ვისთან ერთადაც ნახალოვკის მინი-სტადიონზე დავიწყეთ ვარჯიში. მათ ზურგს ახლა U18 და U16 გუნდები უმაგრებენ, რომლებიც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, უმაღლეს — ოქროს ლიგაში ასპარეზობენ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან. დღეს ჩვენს კლუბში, საერთო ჯამში, 300-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს და მჯერა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებისგან შეიკვრება ის მყარი საფუძველი, რომელიც უახლოეს წლებში „დიდ 10-ში“ თამაშის საშუალებას მოგვცემს, სადაც ჩვენს სათქმელს ღირსეულად ვიტყვით. ყოველდღიური შრომით, დისციპლინით, საქმის სიყვარულითა და რწმენით ყველაფერი შესაძლებელია!

 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page