top of page

სესილი გაბრელიანი

Oct 20
2 min read

სპორტი: ფეხბურთი

ამპლუა: თავდასხმა

დაბ: თარიღი: 28 ივნისი 2010

კლუბი: ქსკ ვერე (საქ)

ნომერი: 7

ნაკრები: U17 და U19 ნაკრები

ნომერი: 7


სესილი გაბრელიანი ქართული ქალთა ფეხბურთის იმ ახალგაზრდა, იმედისმომცემი თაობის ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელია, რომელთაც საკუთარი ნიჭითა და შრომით ასაკობრივი ბარიერები სრულიად წაშალეს. სესილიმ საფეხბურთო კარიერა კლუბ „ახალგორში“ დაიწყო, სადაც გამორჩეული და პროდუქტიული თამაშით სპეციალისტების ყურადღება მალევე მიიპყრო. 2026 წლის სეზონში იგი საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის კლუბ „ვერეს“ შეუერთდა და 16 წლის ასაკში გუნდის ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გახდა. ეროვნული ჩემპიონატის ლიგებში ნაჩვენებმა გამორჩეულმა ასპარეზობამ მისი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრა განაპირობა.  სესილი საქართველოს U17 და U19 ნაკრები გუნდების წევრია

 

სესილი, როგორ აღმოჩნდი ფეხბურთში — სპორტის ამ სახეობის არჩევაში ვინმემ იქონია გავლენა შენზე, თუ ეს სრულიად შენი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო?

– შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო გარემო ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რადგან მამაჩემი თავადაც ფეხბურთელი იყო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმა შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონია ჩემზე, თუმცა ფეხბურთის არჩევის გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მივიღე. თავიდან ბიჭების გუნდში დავიწყე ვარჯიში, რადგან მაშინ ჩვენთან გოგონების ასაკობრივი სექცია არ არსებობდა. მოგვიანებით კი, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდა, გოგონათა გუნდს შევუერთდი.

 

როგორც უკვე აღნიშნე, თავიდან ბიჭების გუნდში დაიწყე ვარჯიში, გახსოვს, რამდენი წლის იყავი და როგორი იყო შენი პირველი გამოცდილება ბიჭებთან ერთად ვარჯიშისას? როგორ გხვდებოდნენ თანაგუნდელები და მწვრთნელი?

– თუ არ ვცდები, დაახლოებით 11 წლის ვიყავი. ბიჭების უმეტესობას ისედაც ვიცნობდი, ეზოშიც ხშირად ერთად ვთამაშობდით და ვმეგობრობდით, ამიტომ გუნდშიც ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა და მათთან ერთად ვარჯიშს თავისუფლად შევეჩვიე. თანაგუნდელებიც და მწვრთნელიც კარგად მხვდებოდნენ და ყოველთვის გვერდში მედგნენ. ეს მცხეთის ბიჭების გუნდი იყო. მოგვიანებით კი, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, ახალგორის გოგონათა გუნდს შევუერთდი.

 

სესილი, თუ გახსოვს როდის დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც საბოლოოდ მიხვდი რომ ფეხბურთს პროფესიულად უნდა გაჰყოლოდი?

– ფეხბურთის თამაში ყოველთვის მინდოდა, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი, რომელმაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რომ ფეხბურთს უფრო პროფესიულად მოვკიდებოდი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პირველად 17-წლამდელთა ნაკრებში საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გამომიძახეს. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ მოედანზე.

 

სესილი, ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ დატვირთული სპორტული კარიერა გაქვს — ასპარეზობ ქალთა უმაღლეს ლიგაში და პარალელურად გაქვს სანაკრებო მატჩები თუ შეკრებები. რამდენად რთულია ასეთი რეჟიმის შეთავსება სკოლასთან ან თუ გრჩება საერთოდ დრო მეგობრებისთვის გართობისთვის?

– რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია. დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად მიწევს გაკვეთილების გაცდენაც, რადგან დროის უდიდეს ნაწილს ვარჯიშებსა და შეკრებებზე ვატარებ. თუმცა, უკვე მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ფეხბურთი ჩემი კარიერა და ჩემი საქმეა. ოჯახის წევრები, მეგობრები და მასწავლებლებიც გაგებით ეკიდებიან ჩემს სურვილებს და ყველანაირად მიწყობენ ხელს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის: სკოლას, მწვრთნელებს, გუნდელებს, მეგობრებს და განსაკუთრებით კი ჩემი ოჯახის წევრებს

 

ბლიც-კითხვები

 

საყვარელი ფეხბურთელი?  

– ლეო მესი

ყველა დროის ტოპ 5 ფეხბურთელი 

–  მესი, კრიშტიანო რონალდო, მარადონა, პელე, ნეიმარი

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ? 

– კონკრეტული სიმღერა არ მაქვს

მატჩისწინა ჩვეულება?  

– მოედანზე გასვლამდე ყოველთვის ვლოცულობ

რომ არა ფეხბურთი? 

– ნუტრიციოლოგი ან შეფ-მზარეული

საყვარელი სპორტული ბრენდი? 

– ნაიკი

საყვარელი საგანი?   

– ბიოლოგია

ჰობი?

– მუსიკის მოსმენა, საჭმელების გაკეთება, სერიალების ყურება

საყვარელი მომღერალი? 

– ტრევის სკოტი

სპორტული ოცნება? 

– საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და „ბარსელონაში“ თამაში


 




 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page