top of page

ოთო ზაბახიძე

2 days ago
4 min read

სპორტი: ფრენბურთი

ამპლუა: დიაგონალი

დაბ. თარიღი: 25 თებერვალი 2010

კლუბი: ფკ „თორი“ (საქ.)

ნომერი: 9

ნაკრები:  U20 ნაკრები

ნომერი: 12


იშვიათია, როდესაც  ათლეტი და მისი კლუბი სპორტული განვითარების საფეხურებს ერთად, სინქრონში გადიან – 16 წლის ფრენბურთელი ოთო ზაბახიძე სწორედ ასეთი გამონაკლისია. იგი თბილისის კლუბ „თორის“ აღზრდილია და ბავშვობიდან, იმ დღიდან აქ ვარჯიშობს, რაც სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგა. ოთომ მშობლიურ გუნდთან ერთად გაიარა გზა პირველი ლიგიდან ელიტამდე და კლუბის დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

2026-2027 წლების სეზონში „თორი“ არსებობის მანძილზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად ასპარეზობს.  ეს სადებიუტო სეზონია როგორც კლუბისთვის, ისე თავად ოთოსთვის, რომელიც პირველივე მატჩებიდან გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

მოედანზე გამორჩეული თამაშის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ 16 წლისაა, ოთო კლუბში მწვრთნელის ასისტენტის პოზიციასაც ითავსებს და უმცროსი ასაკის სპორტსმენებს ავარჯიშებს.

მისი პროგრესი, შრომისმოყვარეობა და ბრწყინვალე თამაში არც სანაკრებო დონეზე დარჩენილა შეუმჩნეველი. საერთაშორისო ასპარეზზე ოთო სხვადასხვა დროს საქართველოს U16 და U18 ნაკრებების ღირსებას იცავდა, ამჟამად კი U20 გუნდის წევრია.

ახალგაზრდა ფრენბურთელი გვიამბობს, როგორ აღმოჩნდა სპორტში იაპონური ანიმეს გავლენით, რას ნიშნავს მისთვის მშობლიურ კლუბთან ერთად უმაღლეს ლიგაში თამაში, რა ემოცია ახლავს ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები.


ოთო, მოგვიყევი, როგორ დაიწყო გზა ფრენბურთში. რატომ შეჩერდა შენი არჩევანი სპორტის ამ სახეობაზე?

– შეიძლება ითქვას, რომ ფრენბურთში ჩემი მოხვედრა გარკვეულწილად სახალისო ისტორიაა. ყველაფერი ფრენბურთის თემაზე შექმნილ ცნობილ იაპონურ ანიმეს – „ჰაიკიუ!!“ (Haikyu!!) უკავშირდება. კერძოდ, 2021 წელს, 10-11 წლის ასაკში, ჩემმა კლასელებმა სწორედ ამ ანიმეს გავლენით გადაწყვიტეს ფრენბურთზე შესვლა. უბრალოდ გართობისა და მათთან ერთად მეტი დროის გატარების მიზნით მეც მეგობრებს ავყევი და შევუერთდი. ასე აღმოვჩნდით ყველა ახლად დაარსებულ კლუბ „თორში“. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემმა მეგობრებმა თამაშს თავი მალევე დაანებეს, მე კი ამ სპორტმა იმდენად გამიტაცა, რომ დღემდე „თორის“ ღირსებას ვიცავ.


როგორც აღნიშნე, შენმა მეგობრებმა ფრენბურთი მალევე დატოვეს, შენ კი ისევ აქ ხარ. რა იყო ამის მიზეზი და რით მოგხიბლა სპორტის ამ სახეობამ?

– პირველ რიგში ადამიანური ფაქტორი. თავდაპირველად ძალიან მოვიხიბლე იმ მეგობრული გარემოთი, რომელიც კლუბში დამხვდა. აქ ნებისმიერი ადამიანი მზად იყო, დახმარების ხელი გამოეწვდინა. გამიმართლა და გუნდელებიც ძალიან მხიარულები და კარგი მეგობრები აღმოჩნდნენ, ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ატმოსფერომ მიმიზიდა. რა თქმა უნდა, მალევე შემიყვარდა უშუალოდ ეს სპორტიც, რაშიც დიდი როლი ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, ნიკა იმერლიშვილმა ითამაშა. სწორედ მან ამათვისებინა ფრენბურთის საწყისები და სწორი მიმართულება მომცა.


მეგობრული გარემო და თამაშით მიღებული სიამოვნება გასაგებია, მაგრამ რა ეტაპზე იგრძენი, რომ ფრენბურთი აღარ იყო უბრალო ბავშვური გართობა და საქმეს უკვე პროფესიულად მიუდექი?

– სიმართლე გითხრათ, მინდა, სწორად გამიგოთ  – ფრენბურთით დღემდე ვერთობი, რადგან ეს თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველა საქმეს, რომელსაც ხელს ვკიდებ, ვცდილობ, გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით მივუდგე. თუმცა მესმის, რასაც გულისხმობთ  – ეს გარდატეხა ალბათ, დროთა განმავლობაში თავისთავად მოხდა, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის კლუბის წარმატებამ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობამ. ხანდახან კედელთან დგომა და 1000 გადაცემის გაკეთება სულაც არ არის სახალისო პროცესი, ეს მართლაც არ არის ბავშვური გართობა უბრალო თამაში, მაგრამ როცა ამ შრომის შედეგს ხედავ, ალბათ სწორედ ეგ განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას და ყოველდღიურ ვარჯიშებსაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები.


როგორც თქვი, 5 წელია, რაც „თორში“ ხარ — კლუბში, რომელიც შენი მისვლის დროს ფაქტობრივად ახლად დაფუძნებული იყო. წელს კი „თორი“ არსებობის მანძილზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად ასპარეზობს. როგორი გზა გაიარა კლუბმა აქამდე და რას ნიშნავს შენთვის ეს წარმატება?

– დიახ, ზუსტად ეგრეა, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც კლუბთან ერთად გავიზარდე. 2026-2027 წლების სეზონის უმაღლეს ლიგაში დაწყება ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ამისთვის ბევრს ვშრომობდით და ამ წარმატებისკენ დიდი ხანი მოვდიოდით. პირველი ლიგის ფინალი ორჯერ გვქონდა წაგებული, რის გამოც ელიტაში ამოსვლას ვერ ვახერხებდით, თუმცა გასულ წელს გადამწყვეტ მატჩში „სტელართან“ გავიმარჯვეთ და დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ. ისეთი ბედნიერი, ვიყავი, რომ  სიტყვებით ვერ აღვწერ. ერთი კვირის განმავლობაში ეიფორიაში ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ალბათ ყველა სპორტსმენისთვის მშობლიურ კლუბთან ერთად ნებისმიერი წარმატების მიღწევა ორმაგად სასიხარულოა.


ოთო, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კლუბში მარტო მოთამაშე არ ხარ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე შედარებით პატარა სპორტსმენების ვარჯიშიც განდეს. როგორ შეითავსე ეს პასუხისმგებლობა?

– დიახ, თამაშის პარალელურად, ახალგაზრდა ფრენბურთელებსაც ვავარჯიშებ, დამხმარე მწვრთნელის პოზიციაზე ვარ. ეს ინიციატივა უშუალოდ კლუბიდან, კერძოდ, „თორის“ დამფუძნებელ – მანუჩარ ჯელაძისგან წამოვიდა  ადამიანისგან, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას, მეხმარება და ხელს მიწყობს. სწორედ მან შემომთავაზა დამხმარე მწვრთნელობა, რისთვისაც არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო. ეს ჩემთვის საოცარი გამოცდილებაა. ახალგაზრდებს ვასწავლი და ვუახლოვდები, თან სამწვრთნელო გამოცდილებას ვიღებ, თამაშის ნიუანსებს უკეთ ვეუფლები და გარკვეული ანაზღაურებაც მაქვს. ასე რომ, დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი ნდობისთვის.


ოთო მოგვიყევი შენი სანკრებო გამოცდილების შესახებ. როგორი განცდაა შენ ასაკობრივ ჯგუფში ქვეყნის საუკეთესო სპორტმენბთან ერთად მოხვედრა და მათთან ერთად თამაში?

–  დიახ, საქართველოს ნაკრებში პირველად 16-წლამდელთა ასაკობრივ გუნდში გამომიძახეს. ნაკრების მწვრთნელი, ლაშა ჩოხელი, უშუალოდ ჩვენს ვარჯიშზე მოვიდა და გუნდიდან მე და რატი ბერეკაშვილი შეგვარჩია. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, იმ მომენტში ამ ყველაფერს სრულად ვერ ვიაზრებდი. თითქოს რაღაც ჩვეულებრივი პროცესის ნაწილი იყო, მაგრამ შემდგომში ნელ-ნელა ყველაფერი გავაცნობიერე. როდესაც ნაკრების ეკიპირება გადმომცეს, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მართლა ნაკრების წევრი ვიყავი. ამ პერიოდს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში. მაშინ სათამაშოდ ესტონეთში გავემგზავრეთ და ნაკრებში ასპარეზობასთან ერთად, ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ფრენა და უცხოეთშიც პირველად ვიყავი. დაუვიწყარი ემოციები იყო.


რას გრძნობ, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით ასპარეზობ?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიამაყეს, თანაც არა მხოლოდ  მოედანზე. მაგალითად, როდესაც აეროპორტში ნაკრების ეკიპირებით ხარ, ხალხის მზერა შენკენ არის მომართული გვეკითხებიან: „ბიჭებო, სპორტსმენები ხართ? სპორტის რომელი სახეობაა, საით მიდიხართ, რა შეჯიბრია?“ და წარმატებებს გვისურვებენ ხოლმე. ამ დროს ორმაგად ბედნიერი ხარ და გიხარია, რომ შენი შრომით აქ ყოფნა დაიმსახურე და გაქვს პატივი, ქვეყნის ღირსება დაიცვა. ეს გრძნობა დიდხანს მოგყვება და მენტალურად შემდგომი ვარჯიშებისა და თამაშების დროსაც გეხმარება.


კარგი, ოთო, სად ხედავ საკუთარ თავს მომავალში?

– ამ მომენტისთვის მთლიანად საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ვარ კონცენტრირებული და მინდა, რომ კლუბთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. გრძელვადიან პერსპექტივაზე ამ ეტაპზე დიდად არ ვფიქრობ. ყველაფერს დრო გვაჩვენებს, თუმცა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, ძალები უცხოეთში, კერძოდ ევროპულ ფრენბურთშიც მოვსინჯო.


ბლიც-კითხვები:

 

საყვარელი სპორტსმენი?

– კონკრეტულად ერთი სპორტსმენის გამორჩევა გამიჭირდება, თუმცა ალბათ მაინც კობი ბრაიანტი მისი მენტალობის გამო

მატჩისწინა ჩვეულება?

– პირველ რიგში ის, რომ კორტზე აუცილებლად ყურსასმენებით გავდივარ და მთელი გახურების განმავლობაში მუსიკას ვუსმენ. გახურების შემდეგ კი თასმებს ვიხსნი და თამაშის დაწყების წინ თავიდან ვიკრავ

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?

– კონკრეტული ერთი სიმღერა არ მაქვს, მაგრამ მაქვს ჩემი ფლეილისტი, რომელსაც ყოველი მატჩის წინ აუცილებლად ვუსმენ. იქ რეპი და ჰიპ-ჰოპი დომინირებს, ცოტა როკიც არის შერეული

საყვარელი სპორტული ბრენდი?

– Nike

საყვარელი საგანი?

– უფრო მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიისკენ ვიხრები

ჰობი?

– სირბილი

საყვარელი ფილმი და სერიალი?

– „ინტერსტელარი“ (Interstellar) და „ციხიდან გაქცევა“ (Prison Break)

საყვარელი შემსრულებელი?

– კანიე უესტი (Kanye West) და კენდრიკ ლამარი (Kendrick Lamar)

საყვარელი კერძი?

– ხინკალი, რა თქმა უნდა

საყვარელი სასმელი?

– წყალი

რომ არა ფრენბურთი?

– კალათბურთი

მთავარი სპორტული ოცნება?

– საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ასპარეზობა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.


 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page