ნიცა საბადაშვილი

სპორტი: კალათბურთი
ამპლუა: მძიმე ფორვარდი
დაბ: თარიღი: 2 აპრილი 2008
კლუბი: Casper College „Thunderbirds“ (აშშ)
ნომერი: 23
ნაკრები: ქალთა ეროვნული ნაკრები
ნომერი: 15
ნიცა საბადაშვილი ქართული ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშეა, რომლის კარიერული პროგრესიც სწრაფი ტემპით ვითარდება. მისი დებიუტი ასაკობრივ ნაკრებში 2022 წელს, სულ რაღაც 14 წლის ასაკში, U18 ევრობასკეტზე შედგა, სადაც იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც C დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2025 წელს კი, როდესაც საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ეს წარმატება გაიმეორა, ნიცა უკვე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და გამარჯვების შემოქმედი გახლდათ.
ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ხუთიდან ხუთი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლებს დაეუფლა. ნიცამ კი თავი ფანტასტიკური შედეგიანობით დაგვამახსოვრა: ჩემპიონატის ოთხ მატჩში მან ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო იმ ერთადერთ შეხვედრაში, გიბრალტარის წინააღმდეგ, როდესაც ეს ნიშნული ვერ დააფიქსირა, აქტივში საოცარი 56 ქულა მიითვალა.
ასეთი ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ნიცა საბადაშვილი თანაგუნდელ სალომე სვანთან ერთად ტურნირის სიმბოლური ხუთეულის (All-Star Five) წევრად დასახელდა. ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებულმა ასპარეზობამ მას ეროვნული გუნდისკენ მიმავალი გზაც სწრაფად გაუხსნა. 2026 წელს ნიცას დებიუტი უკვე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში, ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე შედგა. დღეს იგი ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ „Casper College“-ის რიგებში ასპარეზობს და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება. ჩვენ ნიცას მის კარიერულ გზაზე, გამოწვევებზე, და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
ნიცა, საიდან გაჩნდა კალათბურთის სიყვარული შენს ცხოვრებაში და რამდენად იყო ეს სპორტი შენი პირველი არჩევანი?
– ფიზიკურად ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი. ბავშვობაში თითქმის ყველაფერზე დავდიოდი – ვმღეროდი, ვცეკვავდი, მათ შორის ბალეტსაც, ტანვარჯიშითაც ვიყავი დაკავებული, თუმცა კალათბურთზე არასდროს მიფიქრია. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტი ჩემს ცხოვრებაში სრულიად სპონტანურად და დაუგეგმავად შემოვიდა. 9 წლის ვიყავი, ეზოში უბრალოდ ვთამაშობდი, როდესაც ჩემი მეზობელი – დამსახურებული და ყველასთვის ცნობილი მწვრთნელი, ბატონი ნუგზარ ჭეიშვილი მოვიდა და ვარჯიშზე მიმიწვია. დავუჯერე და მივედი. ასე რომ, ბატონი ნუგზარის უდიდესი დამსახურებაა, დღეს კალათბურთს რომ ვთამაშობ.
გამოდის, რომ ბატონი ნუგზარი იყო შენი პირველი მწვრთნელი? თუ გახსოვს, როგორი იყო პირველი ვარჯიში, პირველი შეგრძნებები კალათბურთში?
– არა, ბატონი ნუგზარის რჩევითა და ძალისხმევით მოვხვდი კალათბურთში. მან გზა გამიხსნა და მიბიძგა, რომ დარბაზში მივსულიყავი, თუმცა უშუალოდ ჩემი პირველი დამრიგებელი, ასევე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ბატონი ზურაბ სამხარაძე გახლდათ. სწორედ მან გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები კალათბურთში. რაც შეეხება ვარჯიშსა და შეგრძნებებს, ძალიან კარგად მახსოვს. სიმართლე გითხრათ, დარბაზში შესულს ცოტა მოულოდნელი სიტუაცია დამხვდა, რადგან გუნდში მხოლოდ ბიჭები ვარჯიშობდნენ. როდესაც მითხრეს, რომ მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, შინაგანად გავოცდი, რადგან ამას ნამდვილად არ მოველოდი, თუმცა არ შევიმჩნიე და ვარჯიშზე მაინც დავრჩი.
ვარჯიში თავდაპირველად ბიჭების გუნდში დაიწყე? როგორი იყო მათი დამოკიდებულება შენდამი, უხერხულობას ხომ არ განიცდიდნენ შენთან თამაშით?
– არა, რას ამბობთ, პირიქით! შემიძლია გითხრათ, რომ მათ როგორც საკუთარი და, ისე მიმიღეს. ყოველმხრივ მეხმარებოდნენ, ხელს მიწყობდნენ, მგულშემატკივრობდნენ და ასე მოვდივართ. ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება.
ნიცა, პირველი ნაბიჯების შემდეგ უკვე დიდი გზა გაიარე და დღეს ამერიკაში თამაშობ. რა აღმოჩნდა შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ოკეანის გაღმა, რაც გარედან შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს?
– ამერიკაში წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე ემოციური ნაბიჯი იყო. პირველად აღმოვჩნდი სახლიდან ასე შორს. იმის გააზრება, რომ თითქმის ათი თვის განმავლობაში ოჯახს ვერ ვნახავდი, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. თანაც, გუნდში ყველაზე პატარა ვიყავი და ხანდახან, სრულიად უცხო გარემოში მარტო დარჩენილი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „მართლა აქ ვარ?! როგორ მოვხვდი აქ?!“. მქონდა დღეები, როცა სიბნელეში ვიღვიძებდი, არაფრის თავი არ მქონდა და ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებთან სიახლოვე და სახლის სითბო იყო. თუმცა, იმ წუთებშიც კი მახსოვდა, თუ რატომ ვიყავი აქ. უფლება არ მქონდა, გავჩერებულიყავი. ამ ყველაფრის გადალახვაში კი ყველაზე მეტად ისევ ოჯახი დამეხმარა. რთულ პერიოდებში ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ.
ნიცა, ამერიკული გამოცდილების შემდეგ, მოდი, საქართველოს ნაკრებსაც შევეხოთ. წლებია, უკვე ქვეყნის ღირსებას იცავ. რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ნაკრებთან ერთად?
– საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და ქვეყნის ღირსების დაცვა ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, უდიდესი სიამაყის გრძნობაა. ნაკრებთან ერთად ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული პირველი მატჩი, 2022 და 2025 წლებში თვრამეტწლამდელთა ნაკრებ გუნდთან ერთად C დივიზიონის ოქროს მედლების მოპოვება დაუვიწყარი მომენტებია. ასევე, განსაკუთრებით მახსენდება 2022 წელი, როდესაც U18 ევროპის ჩემპიონატის პარკეტზე პირველად დავდგი ფეხი. წარმოუდგენელი ემოცია იყო... გამიმართლა კიდეც და მოედანზე შესვლისას, სულ რაღაც 35 წამში, პირველი სამი ქულა მოვუტანე გუნდს. ეს იყო ენით აღუწერელი სიხარული და იმის დასტური, რომ ყოველი წვეთი ოფლი, რომელიც ვარჯიშებზე დავღვარე, ამად ღირდა. უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო 2025 წელიც, როდესაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში (All-Star Five) დამასახელეს. ეს აღიარება მთელი გუნდის, მწვრთნელებისა და ჩემი პირადი შრომის ერთგვარი შეფასება იყო, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რომ არასდროს გავჩერებულიყავი.
ნიცა, როგორია შენი სამომავლო გეგმები და სურვილები, სად ხედავ საკუთარ თავს უახლოეს მომავალში?
– ამ ეტაპზე ჩემი უახლოესი და ყველაზე პრიორიტეტული მიზანი აშშ-ში ძლიერ, ოთხწლიან უნივერსიტეტში ტრანსფერია – მინდა, ახალ გარემოში მაქსიმალურად ავიმაღლო სათამაშო კლასი და როგორც მოთამაშე, ისე პიროვნება, კიდევ უფრო განვვითარდე. ცოტა ხანგრძლივ პერსპექტივაში კი საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვხედავ. ჩემი მთავარი და ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი WNBA-ში თამაშია. ვიცი, რომ ეს გზა ყოველდღიურ შრომას, უზარმაზარ მოთმინებასა და მუდმივ ზრდას მოითხოვს, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და ყოველდღიურად ზუსტად ამ მიზნისკენ მივიწევ.
ბლიც-კითხვები:
საყვარელი კალათბურთელი?
– მაიკლ ჯორდანი
იდეალური ხუთეული?
– PG. სტეფ კარი, SG. კობი ბრაიანტი, SF. ლებრონ ჯეიმსი, PF. მაიკლ ჯორდანი C. შაკილ ო’ნილი
სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?
– კონკრეტული სიმღერა არ მაქვს მაგრამ უფრო Hip-hop/Rap - ჟანრის მუსიკას ვუსმენ
მატჩისწინა ჩვეულება?
– მატჩამდე მუსიკის მოსმენა და ცოტა ხნით საკუთარ თავთან ყოფნა. ამ დროს მთლიანად ვცდილობ რომ თამაშზე ვკონცენტრირდე.
რომ არა კალათბურთი?
– ალბათ მაინც სპორტთან დაკავშირებულ სფეროში ვიქნებოდი. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა უკვე ძალიან რთულია ჩემი თავის კალათბურთის გარეშე წარმოდგენა.
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Nike
საყვარელი საგანი?
– მათემატიკა
ჰობი?
– ფილმების ყურება
საყვარელი ფილმი?
– Coach Carter
სპორტული ოცნება?
– WNBA - ში თამაში

Comments