top of page

კესო მეტონიძე

Sep 30
3 min read

Updated: Sep 30


სპორტი: ფეხბურთი

ამპლუა: ნახევარდაცვა | თავდასხმა

დაბ: თარიღი: 21 ნოემბერი 2008

კლუბი: ქსკ ნიკე-ლუსო (საქ)

ნომერი: 20

ნაკრები: ქალთა ეროვნული ნაკრები

ნომერი: 18



კესო მეტონიძე - თავისი თაობისა და ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს U17 და U19 წლამდელთა ეროვნულ გუნდებში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. კესომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ამბროლაურის კლუბ „რაჭა 2020“-ში დაიწყო, სადაც, ასაკის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და კლუბის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში უდიდესი როლი შეასრულა. განსაკუთრებული აღმოჩნდა 2025 წელი, როდესაც მან ფენომენალური სეზონი ჩაატარა და 54 გატანილი გოლით ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. დღეს იგი ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ნიკე-ლუსოს“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაშიც უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო.

 

კესო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ბავშვობაში ჭადრაკით იყავით დაკავებული, თუმცა თქვენი არჩევანი საბოლოოდ მაინც ფეხბურთზე შეჩერდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და როდის მიხვდით, რომ პროფესიულ მომავალს სწორედ ფეხბურთს დაუკავშირებდით?

- დიახ, ბავშვობაში ჭადრაკს ვთამაშობდი და ეს სახეობა დღემდე ძალიან მიყვარს. თუმცა, ფეხბურთის მიმართ ინტერესი მცირე ასაკიდანვე მქონდა, რაც მეტწილად ჩემმა ოჯახმა განაპირობა – მამა მწვრთნელია, ჩემი ძმაც ფეხბურთელია და ბავშვობიდანვე ყოველთვის ვესწრებოდი მათ ვარჯიშებს. გარდამტეხი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, 2020 წელს ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩამოყალიბდა. ვარჯიშების დაწყებისთანავე ნათლად დავინახე, რომ უშუალოდ ფეხბურთის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, რამაც ჩემი საბოლოო არჩევანიც განსაზღვრა.


გარეშე თვალისთვის, სპორტსმენის ცხოვრება ხშირად მარტივი და მხოლოდ წარმატებებით სავსე ჩანს, თუმცა რეალობა მკვეთრად განსხვავდება ამ ლამაზი სურათისგან. რა გამოწვევები დგას ამ ყველაფრის მიღმა და რეალურად, რას მოითხოვს პროფესიონალური სპორტი ათლეტისგან?

- დიახ, შორიდან ყველაფერი შეიძლება, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანდეს, თუმცა პროფესიონალური სპორტი ყოველდღიურ დისციპლინას, უდიდეს შრომასა და გარკვეულწილად მსხვერპლსაც მოითხოვს. ალბათ, ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი ტრავმაა, რაც ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია. ასევე ხშირია გადაღლა და იმედგაცრუებაც, რასთან გამკლავებაც, ფიზიკურთან ერთად, დიდ შინაგან ენერგიასა და ფსიქოლოგიურ მზაობასაც მოითხოვს.


ვინ გეხმარებათ ყველაზე მეტად ამ ბარიერების გადალახვაში და ვინ არის თქვენი მთავარი დასაყრდენი?

- ასეთ პერიოდებში ჩემი უმთავრესი გულშემატკივარი და დასაყრდენი ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. მათი უპირობო თანადგომა მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ არასოდეს დავნებდე. თუმცა, მეორე მხრივ, მსგავს გამოწვევებთან გამკლავება მაინც საკუთარი თავის რწმენაზეა დამოკიდებული. გარშემომყოფების თანადგომის იმედი დიდი ძალის მომცემი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ მოედანზე გასასვლელად საჭირო შემართება და ხასიათი, საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარ თავში უნდა იპოვო.

 

თუკი კარიერის პოზიტიურ ასპექტებს შევაჯამებთ, თქვენი გადმოსახედიდან, რა არის უმთავრესი ღირებულება, რაც სპორტმა შეგძინათ და პროფესიული თვალსაზრისით, რომელი მომენტები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- სპორტმა ჩემს ცხოვრებაში მართლაც უამრავი რამ შემოიტანა – პირველ რიგში, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა და საოცარი ადამიანები გამაცნო, რომლებთანაც მეგობრობა სპორტის მიღმაც გრძელდება. რაც შეეხება კარიერულ მიღწევებს, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით მემახსოვრება „რაჭა 2020“-თან ერთად უმაღლეს ლიგაში გადასვლა. რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მასშტაბი და პასუხისმგებლობა იყო „ნიკე-ლუსოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და ამ ტურნირზე გატანილი გოლიც ჩემთვის წარუშლელი მომენტია. თუმცა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმთავრესი მწვერვალი მაინც საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაა, ამიტომ ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში ჩატარებული ყოველი მატჩი ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 

და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი სპორტული ოცნება, რომლის ასრულებასაც კარიერაში ყველაზე მეტად ისურვებდით?

- პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ მქონდეს ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა და ეს საქმე კიდევ ძალიან დიდხანს ვაკეთო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი უმთავრესი სპორტული ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდ საერთაშორისო ტურნირზე - იგივე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვობიდან ლონდონის „არსენალის“ გულშემატკივარი ვარ და ჩემი დიდი სურვილია, რომ ოდესმე მათ რიგებში თამაში შევძლო. ალბათ, სწორედ ასეთი იქნებოდა ჩემი საოცნებო საფეხბურთო კარიერა.

 

ბლიც-კითხვები:


საყვარელი ფეხბურთელი?  

- კრისტიანო რონალდო

ყველა დროის ტოპ 5 ფეხბურთელი? 

- კრისტიანო რონალდო, მესი, პელე, მარადონა, ზიდანი

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ? 

- კონკრეტული სიმღერა არ მაქვს, უფრო განწყობის მიხედვით

მატჩისწინა ჩვეულება?

 - მოედანზე გასვლამდე ყოველთვის ვცდილობ, ბუცი პირველად მარცხენა ფეხზე მოვირგო

რომ არა ფეხბურთი? 

- ჭადრაკი

საყვარელი სპორტული ბრენდი? 

- Adidas

საყვარელი საგანი?   

- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა

ჰობი? 

- ფილმების ყურება

საყვარელი ფილმი / სერიალი?

- Game of Thrones

სპორტული ოცნება? - ტიტულების მოგება


 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page