ილია კახოიძე

სპორტი: რაგბი
ამპლუა: შუამარბი
დაბ: თარიღი: 18 მარტი 2011
კლუბი: ლელო U16
ნომერი: 12 | 13
ილია კახოიძე ქართული რაგბის მომავალი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლისთვისაც ეს სპორტი ოჯახური მემკვიდრეობა და ცხოვრების წესია. ის ქართული ახალგაზრდული სარაგბო ლიგების ფლაგმან კლუბ „ლელოში“ ასპარეზობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაც გახლავთ. „ლელოს“ 16-წლამდელთა გუნდმა 2025-2026 წლების სეზონში ფენომენალური შედეგი აჩვენა – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში“ აბსოლუტურად ყველა მატჩი მოიგო და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად იზეიმა. გუნდი არც მიმდინარე სეზონში თმობს პოზიციებს, კვლავ წარმატებულად ასპარეზობს და ტიტულის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. „ლელოს“ ახალგაზრდა შუამარბი ილია კახოიძე, რომელმაც მიუხედავად ასაკისა, უკვე გამოსცადა მძიმე ტრავმაც, დიდი გამოწვევებიც და ჩემპიონობის სიხარულიც, თავისი გზის, მოტივაციისა და დიდი ოცნებების შესახებ გვიყვება.
ილია, მოდი ტრადიციულად სულ თავიდან დავიწყოთ: როგორ და რამდენი წლის ასაკში მოხვდი სპორტის ამ სახეობაში და რატომ მაინცდამაინც რაგბი?
– პატარაობიდანვე რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ჩემი ოჯახის ფაქტობრივად ყველა წევრი მოქმედი ან ვეტერანი მორაგბეა – მამა, ბიძა, ძმები... ერთი დღე არ მახსოვს, რომ ოჯახში რაგბზე არ ყოფილიყო საუბარი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი იყო, ბავშვობაში სხვა სპორტით დავინტერესებულიყავი. თუმცა, 6 წლის ასაკში, სრულიად ჩემი ნებით – ჩემი თხოვნით შევედი რაგბზე.
ფაქტობრივად, სარაგბო დინასტიის წარმომადგენელი ხარ. შესაბამისად, თუ საქმე სპორტზე მიდგებოდა, რაგბის გარდა სხვა არჩევანი თითქოს არც გქონდა, თუმცა ამბობ, რომ გადაწყვეტილება შენი ნებით მიიღე.
– დიახ, ასე იყო. ბავშვობიდანვე მომწონდა ფიზიკური, ძალისმიერი თამაშები თუ აქტივობები ამიტომ მამაც მეუბნებოდა, ძიუდო ხომ არ გვეცადაო. მიმიყვანა კიდეც ძალიან გამოცდილ მწვრთნელებთან. სხვათა შორის, მომეწონა, მაგრამ ამ დროს ჩემი ძმები უკვე რაგბზე დადიოდნენ. ამასთან, ძალიან მიყვარდა მამუკა გორგოძის თამაშის ყურება. სულ მის ვიდეოებს ვუყურებდი და მეც მსურდა, რომ რაგბი მასავით მეთამაშა. ერთ დღესაც, მამას მთელი დღე სახლის კართან ველოდებოდი და სამსახურიდან დაბრუნებულს პირდაპირ გამოვუცხადე: „მორჩა, მე მორაგბე ვარ!“ (იცინის). ვთხოვე, რაგბზე მივეყვანე და ასე აღმოვჩნდი კლუბ „ლელოში“.
შენი ბავშვობის კუმირის – მამუკა გორგოძის აღმზრდელ კლუბში? პირადად თუ გქონია მასთან შეხვედრის საშუალება?
– დიახ, საბედნიეროდ, შევხვედრილვარ. სასწაული შეგრძნება იყო! უზომოდ მიხაროდა, რომ საქართველოსა და მსოფლიო რაგბის ლეგენდა გავიცანი და მომეცა შანსი, მას პირადად გავსაუბრებოდი.
და მან თუ იცის, თუ როგორი წვლილი მიუძღვის შენი სპორტული კარიერის დასაწყისში? რომ მის გამო ელოდებოდი მამას კარებთან და რაგბზე შეყვანას სთხოვდი?
– არა, ჯერჯერობით არ იცის (იცინის). მაგრამ იმედი მაქვს, ერთ დღესაც აუცილებლად ვეტყვი!
კეთილი. ილია, რაგბი საკმაოდ სპეციფიკური სპორტია და ყველა პოზიციას განსხვავებული ფიზიკური მონაცემები სჭირდება. როგორ აღმოჩნდი შუა ხაზში? ესეც შენი არჩევანი იყო, მწვრთნელების გადაწყვეტილება თუ უბრალოდ თავისთავად მოხდა ეს?
– სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად შერკინებაში, მესამე ხაზში – სწორედ გორგოძის მსგავსად მინდოდა თამაში. სხვა გზაც ,,არ მქონდა“, რადგან თანატოლებთან შედარებით ფიზიკურად ყოველთვის დიდი ვიყავი. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი ძმების მსგავსად, მეც ხაზში, დიდ სივრცეში სწრაფად თამაშის სურვილი გამიჩნდა. ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს, 12 წლის ასაკში, საკმაოდ მძიმე, ერთწლიანი ტრავმა მივიღე.
12 წლის ასაკში ერთწლიანი ტრავმა? რა მოხდა?
– დიახ, ხერხემლის მეოთხე და მეხუთე მალა მქონდა გაბზარული. კუნთებმა ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლო. მკაცრი წოლითი რეჟიმი მქონდა გამოწერილი და ორი თვე განუძრველად ვიწექი. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჩემი მწვრთნელი, გიორგი გაბელია მეუბნებოდა, რომ ჩემს მომავალს უფრო პირველ ხაზში ხედავდა. ის ჩემი პირველი მწვრთნელია, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მის ხელში გამოვიარე და დღემდე ჩემი მწვრთნელია. მე მაინც ვთხოვე, რომ უკანა ხაზში თამაშის საშუალება მოეცა. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დამთანხმდა, მენდო და სწორედ ასე აღმოვჩნდი ამ პოზიციაზე.
ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებისას შიში არ გქონია?
– არა, პირიქით. საერთოდ არც მახსოვდა, რომ ეს ტრავმა გამოვიარე. სულ უფრო და უფრო მეტს ვითხოვდი საკუთარი თავისგან.
და რა გაძლევდა მოტივაციას? ვინ ან რა დაგეხმარა ამ რთული პერიოდის გადალახვაში?
– პირველ რიგში, უდიდესი მხარდაჭერა ოჯახისგან, ჩემი ძმისგან და მშობლიური კლუბისგან – „ლელოსგან“ მოდიოდა. როდესაც ვხედავდი, რომ მწვრთნელები, მათ შორის „დიდი ათის“ გუნდის ხელმძღვანელებიც კი, გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ, მათი ეს გვერდში დგომა უდიდეს ძალას მმატებდა. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ რაკი მძიმე ტრავმა გადავიტანე, ეს ფორმიდან ამოვარდნის ან სათადარიგო სკამზე ჯდომის მიზეზად გამომეყენებინა. პირიქით, ეს მხარდაჭერა დამეხმარა, მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად და უფრო მეტად თავდაჯერებული დავბრუნებულიყავი.
ილია, ჩვენი საუბრის განმავლობაში ბევრი ადამიანი ვახსენეთ და მაინც, შენი აზრით, ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა იმაზე, რომ დღეს ხარ იქ, სადაც ხარ?
– დიახ, საბედნიეროდ, ჩემ გვერდით ბევრი ადამიანი იყო, რომელმაც რაგბი შემაყვარა, სხვადასხვა დროს დამეხმარა და ყველანაირად ხელი შემიწყო, რომ მორაგბე ვყოფილიყავი – ჩემი ოჯახი, კლუბი, მწვრთნელები... თითოეულ მათგანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩემს ძმას – თორნიკე კახოიძეს გამოვყოფდი. მას ჩემს სპორტულ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ამაგი მიუძღვის. თორნიკე ჩემი მთავარი დასაყრდენია.
და ბოლოს, სად ხედავ შენს თავს მომავალში?
– ჩემი უდიდესი ოცნება თორნიკესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. ასევე, ძალიან ვისურვებდი, კარიერა საფრანგეთის „TOP 14“-ის რომელიმე წამყვან კლუბში გავაგრძელო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს.
ბლიც-კითხვები:
საყვარელი რაგბისტი?
– მერაბ შარიქაძე
ყველა დროის ტოპ 5 რაგბისტი?
– მერაბ შარიქაძე, ფინ რასელი, ბოდენ ბარეტი, მა'ა ნონუ, მამუკა გორგოძე
სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?
– კონკრეტული სიმღერა არ მაქვს, თუმცა ძირითადად ქართულ მუსიკას ვუსმენ.
მატჩისწინა ჩეულება?
– როგორც წესი, ვჩუმდები და თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობ
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Nike
საყვარელი საგანი?
– ქართული ენა და ლიტერატურა
ჰობი?
– მაინტერესებს ავტომობილები. მუდმივად ვეძებ და ვეცნობი საავტომობილო სიახლეებს, მანქანების ტექნიკურ მახასიათებლებს და ა.შ.
საყვარელი მანქანის ბრენდი?
– BMW
საყვრაელი ფილმი/სერიალი?
– ,,სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones)
რომ არა რაგბი?
– ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე საკუთარი თავი მხოლოდ რაგბში წარმომიდგენია
სპორტული ოცნება?
– საქართველოს ნაკრებში ჩემს ძმასთან, თორნიკე კახოიძესთან ერთად თამაში.

Comments