ელენე პაპუაშვილი

სპორტი: ყინულის ჰოკეი
ამპლუა: მცველი
დაბ: თარიღი: 23 აპრილი 2010
კლუბი: რუხი მგლები თბილისი (საქ)
ნომერი: 34
ყინულის ჰოკეი საქართველოში დღემდე გარკვეულწილად ეგზოტიკურ სპორტის სახეობად ითვლება, ყინულზე მებრძოლი გოგონას ხილვა კი საზოგადოებაში ორმაგ გაოცებას იწვევს. თბილისის „რუხი მგლების“ ჰოკეისტი, ელენე პაპუაშვილი, ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ სტერეოტიპების მსხვრევა დაიწყო. თავად გოგონების გუნდში ასპარეზობაზე მეოცნებე 16 წლის სპორტსმენი, საქართველოში ქალთა ყინულის ჰოკეის გუნდის არარსებობის გამო, ბიჭებთან ერთად ტოლსწორად ვარჯიშობს და ქვეყნის სახელით საერთაშორისო მატჩებშიც მონაწილეობს. პარალელურად, ელენე სოციალურ მედიაში – TikTok პლატფორმაზე, გვერდის Geo.Hockey – ის მეშვეობით – სპორტის ამ საოცარ სახეობას ფართო აუდიტორიას აცნობს და მის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. ჩვენ ელენეს მის არჩევანზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
ელენე, რატომ ჰოკეი? საქართველოში სპორტის ეს სახეობა არატრადიციულ არჩევნად ითვლება, მით უმეტეს გოგოსთვის. საიდან გაჩნდა ეს ინტერესი?
– დიახ, გეთანხმებით, სამწუხაროდ, ყინულის ჰოკეი საქართველოში დიდი პოპულარობით ჯერჯერობით ნამდვილად არ გამოირჩევა. სიმართლე გითხრათ, სპორტის ეს სახეობა ჩემთვისაც სრულიად უცნობი იყო. არც კი ვიცოდი, რომ ჩვენთან თუ არსებობდა. ჩემთვის ყველაფერი დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც დედამ დაბადების დღეზე საჩუქარი გამიკეთა და ყინულზე სასრიალოდ წამიყვანა. იმდენად მოვიხიბლე, რომ სახლში შემდგომი ვარჯიშის სურვილიც გამოვთქვი. ფიგურული ციგურაობა დიდად არ მიზიდავდა, თუმცა სრიალის სურვილი არასდროს მტოვებდა, ამიტომ დედა ფეისბუქის საშუალებით საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციას დაუკავშირდა. ფედერაციაშიც ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ, რადგან იმ დროს თბილისში, ჰოკეიში მხოლოდ ორი გოგონა ვარჯიშობდა. მოკლედ რომ გითხრათ, სწორედ ასე აღმოვჩნდი 13 წლის ასაკში ჰოკეიში.
როგორი იყო შენი პირველი დღეები სრულიად ახალ გარემოში, თუ გახსოვს პირველი ვარჯიშები, პირველი ემოციები?
– დიახ, თავიდან ბევრი რთული და შემაფერხებელი მომენტი არსებობდა. ამდენი აღჭურვილობა, სახლიდან მოშორებით ვარჯიში და თანაც საკმაოდ გვიან – იმ პერიოდში ვარჯიშები ღამის 10 საათზე გვეწყებოდა ხოლმე. არ დაგიმალავთ და, თავდაპირველად შიშიც მქონდა, რადგან, ფაქტობრივად, სრიალს ახლა ვსწავლობდი, მაშინ როდესაც ბიჭები ამ სპორტზე პატარაობიდანვე დადიოდნენ. მეგონა, რომ ჩემთვის უკვე გვიანი იყო და ვერ შევეგუებოდი ვერც ჰოკეის და ვერც გუნდურ ატმოსფეროს. ამასთან, სამწუხაროდ, უფროსმა გოგონებმა შეიძლება ითქვას, რომ სპორტი დატოვეს. შესაბამისად, იყო პერიოდი, როდესაც გოგონებიდან გუნდში მარტო მე დავრჩი და გასახდელშიც მარტო ვიყავი. რთული იყო, მაგრამ, გუნდელები, მწვრთნელები – აბსოლუტურად ყველა ისეთი თბილი და მეგობრული აღმოჩნდა, რომ როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს. ყველამხრივ მეხმარებოდნენ, გვერდში მედგნენ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მათი ასეთი მხარდაჭერის შედეგად დავრჩი ჰოკეიში.
დარჩი და მეტიც, სხვებსაც მოუწოდებ, რომ შემოგიერთდნენ. სოციალურ მედიაში ყინულის ჰოკეის პოპულარიზაციას ეწევი და, სწორედ ამ აქტიურობის შედეგად, ჩვენ ასე აღმოგაჩინეთ. როგორ გაჩნდა იდეა, რომ გოგონების მოზიდვა პოპულარული პლატფორმებით დაგეწყოთ?
– დიახ, სოციალურ მედიაში ყინულის ჰოკეის შესახებ გვერდის შექმნის იდეა მე და ჩემს გუნდელს, ნინა შერგილაშვილს, ერთად გაგვიჩნდა. ნინა გუნდში ჩემი მისვლის შემდეგ – 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ შემოგვიერთდა. როგორც გაირკვა, ჰოკეიზე სიარული მასაც ადრევე სურდა, თუმცა თავს იკავებდა, რადგან ეგონა, რომ აქ გოგონები არ ვარჯიშობდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული ფესტივალისთვის თბილისში ახალი ყინულის მოედანი – „თბილისის ყინულის არენა“ ბობ უოლშის ქუჩაზე აშენდა, რამაც ქართული ჰოკეის შემდგომ განვითარებაში უდიდესი დადებითი მუხტი შემოიტანა და წინსვლა განაპირობა. რაც შეგვეხება ჩვენ, მე და ნინა თავიდანვე დავმეგობრდით და სოციალურ მედიაში აქტიურობაც ერთობლივად დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ქართული ჰოკეის არსებობის შესახებ. სწორედ ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი და TikTok-ზე ვიდეოების ატვირთვა დავიწყეთ, რამაც, შეიძლება ითქვას, გაამართლა – ერთი გოგონა ჰოკეიზე სწორედ ჩვენი ვიდეოების ნახვის შემდეგ შემოვიდა, რაც ძალიან გვიხარია.
თუმცა, გოგონათა გუნდი საქართველოში არ არსებობს
– ასეა. სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა გუნდი ჯერჯერობით არ არსებობს და ყველა გოგონა, ვინც ჰოკეიზე დადის, ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს. ისევე როგორც მე და ნინა, ჩვენც ბიჭების გუნდში ვართ და ძირითადად ამხანაგურ მატჩებში გვიწევს ხოლმე ასპარეზობა. ახლახან აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდების წინააღმდეგაც ვითამაშეთ. პირადად ჩვენთვის ეს, საქართველოს სახელით, პირველი საერთაშორისო მატჩები იყო, რამაც დაუვიწყარი ემოციები დაგვიტოვა.
როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ოდესმე საქართველოში გოგონათა გუნდის ან ეროვნული ნაკრების შექმნა?
– დიახ, მჯერა, რომ სამომავლოდ ეს სრულიად შესაძლებელია. როგორც ვიცი, ფედერაციაშიც ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი განწყობა არსებობს. მართალია, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ამას მოედანზე ვეღარ მოვესწრები, რადგან დღეს ჰოკეიში მყოფი გოგონების უმეტესობა 12 წლის ან უფრო პატარაა და მე მათთან ერთად ვერ ვითამაშებ, თუმცა საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების შექმნა ჩემთვის მაინც ახდენილი ოცნება იქნება. თუ ეროვნული ნაკრების მოთამაშე ვერ, იქნებ მომავალში ამ გოგონათა ნაკრების მწვრთნელი მაინც გავხდე (იცინის).
და მაინც ჰოკეი საკმაოდ აგრესიული სპორტის სახეობაა. ხშირად ხელჩართულ ჩხუბთანაც კი ასოცირდება საზოგადოების მხრიდან როგორ რეაქციებს აწყდები როდესაც ესმით რომ ჰოკეისტი ხარ?
– დიახ, ყინულის ჰოკეი საკმაოდ კონტაქტური სპორტის სახეობაა, ხშირია ტრავმებიც. ასევე ხშირია ხელჩართული ჩხუბიც. ეს შეიძლება მაყურებლისთვის კარგი გასართობი იყოს და, გარკვეულწილად, ჩვენი თამაშის ნაწილიც არის, მაგრამ, მე არ მიყვარს. ასეთ დროს ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი ხოლმე, რადგან მოედანზე ყველა ჩემი მეგობარია. მწვრთნელებიც ყოველთვის გვსაყვედურობენ ჩხუბის გამო, თუმცა არსებობს ერთი დაუწერელი – ოქროს წესი: თუ ვინმე მეკარეს ეხება მაშინ, გუნდის წევრები ვალდებულნი არიან რომ ის დაიცვან. სხვათა შორის, მეკარეობა მეც ძალიან მსურდა, თუმცა მწვრთნელების გადაწყვეტილებით დაცვაში ვთამაშობ (იცინის).
რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს – დიახ, ხშირად მესმის ფრაზები: „რად გინდა ჰოკეი?“, „რა ჰოკეი, გოგო ხარ!“. ეს, შეიძლება ძალიან არა, მაგრამ ცოტათი მაინც საწყენი იყოს, რადგან მე აქ ჩემი პირადი არჩევანითა და სურვილით ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აქ, უზომოდ შემიყვარდა სრიალი, თამაში, გარემო და ზოგადად ის ატმოსფერო, რაც ჰოკეიში – როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა სუფევს.
ელენე სად ხედავ საკუთარ თავს სამომავლოდ, აპირებ ჰოკეიში დარჩენას?
– რაც შეეხება ჩემს გეგმებს – დიახ, ჰოკეის თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ, სანამ საქართველოში ვარ. მომავალში საზღვარგარეთ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და იქაურ სიტუაციას გააჩნია – თუ იქნება შანსი, ყინულს არც იქ დავტოვებ.
ბლიც-კითხვები:
რომ არა ჰოკეი?
– დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მოთხილამურე
მატჩისწინა ჩვეულება?
– გუნდელები ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ჯოხის რტყმით ხმაურს გამოვცემთ ხოლმე
ჰობი?
– ძალიან მიყვარს სამხრეთ კორეული სერიალების ყურება, ასევე ახალგაზრდულ-სამოხალისეო პროექტებში მონაწილეობა
საყვარელი სერიალი?
– სამხრეთ კორეული სერიალი - Alchemy of souls
საყვარელი მსახიობი?
– Kim You-jung
საყვარელი მომღერალი?
– Jeff Buckley, Radiohead, Tom Odell
საყვარელი კერძი და სასმელი?
– ლობიანი, უშაქრო კოკა-კოლა
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Adidas
საყვარელი საგანი?
– მათემატიკა, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება
საყვარელი წიგნი?
– სუადის ,,ცოცხლად დამწვარი“
სპორტული ოცნება?
– საქართველოს ქალ ჰოკეისტთა ნაკრების დაარსება, საქართველოს სახელით გამოსვლა, საერთაშორისო ტურნირზე - ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა და ქვეყნის წარმოჩენა

Comments