დიანის გრიგორიანი

სპორტი: კალათბურთი
ამპლუა: გამთამაშებელი
დაბ: თარიღი: 22 სექტემბერი 2008
კლუბი: ს.კ. ბათუმი | ბათუმი U22 (საქ)
ნომერი: 22 | 22
დიანის გრიგორიანი – საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ა-დივიზიონის 2025-2026 წლების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული უკანახაზელი. სეზონის განმავლობაში, „აჭარის ნაკრების“ შემადგენლობაში მისი საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც გუნდში საუკეთესო, ხოლო მთელ ლიგაში მეათე მაჩვენებელი იყო. მატჩში იგი საშუალოდ 16.75 ქულას აგროვებდა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 469 ქულით ლიგის საუკეთესო მექულეებში მე-12 ადგილი დაიკავა. ამასთან, დიანისმა ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი ასისტებსა და ჩაჭრებში აჩვენა – 165 შედეგიანი გადაცემითა და 105 ჩაჭრით მან ორივე კომპონენტში დივიზიონში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. 18-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობის პარალელურად, ახალგაზრდა კალათბურთელმა ამავე წელს პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა და საკალათბურთო კლუბ „ბათუმს“ შეუერთდა. სუპერლიგაში მისი დებიუტი გათამაშების პირველივე ტურში, „გურჯაანის დელტასთან“ მატჩში, 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგა, სადებიუტო სეზონი კი „ბათუმის“ შემადგენლობაში საქართველოს სუპერლიგის 2025-2026 წლების ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინა.
დიანის, როგორ გაიხსენებდი შენს პირველ ნაბიჯებს კალათბურთში, რა ასაკიდან დაიწყე თამაში და რა გახდა ამ სპორტის არჩევის მიზეზი?
– 6 წლის ვიყავი, კალათბურთზე პირველად რომ მივედი. სიმართლე გითხრათ, პირველი ვარჯიშის ემოციები და დეტალები ნათლად აღარ მახსოვს, მაგრამ აი, მთავარი მიზეზი კი ნამდვილად კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში. ტელევიზორში ვუყურე კალათბურთს და ძალიან მომეწონა ეს სპორტი. სამწუხაროდ, ახლა ვერც ლიგას გეტყვით და ვერც იმას, თუ კონკრეტულად რომელი მატჩი იყო, მაგრამ დანამდვილებით მახსოვს, რომ მადრიდის „რეალი“ თამაშობდა. ალბათ სწორედ მაშინ, ამ თამაშის ყურებისას მოვიხიბლე პირველად კალათბურთით.
სპორტულ წარმატებებსა და მიღწევებს თუ გვერდზე გადავდებთ რეალურად რა შეგძინა და რა მოგცა კალათბურთმა ცხოვრებაში?
– პირველ რიგში, სპორტმა ყოველდღიური შრომა და დისციპლინა გამომიმუშავა. როდესაც ყოველდღე ვარჯიშობ, რეჟიმში ხარ და კონკრეტული მიზნისთვის შრომობ, ეს თვისება მოედანს მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უფრო ორგანიზებულს გხდის და გეხმარება. გარდა ამისა, კალათბურთის წყალობით უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და მეტიც, ბევრი ნამდვილი მეგობარი შემძინა, რომლებთანაც მყარი ურთიერთობა დარბაზს მიღმაც გრძელდება. ასე რომ, კალათბურთმა ძლიერი ხასიათი გამომიმუშავა და ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები მაჩუქა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სპორტში ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ ხდება. ხშირია წარუმატებლობა, მძიმე დღეები და უიღბლო მატჩები. ვინ ან რა გეხმარება ამ სირთულეების გადალახვაში და ძალების აღდგენაში?
– დიახ, რა თქმა უნდა, ამის გარეშე სპორტი უბრალოდ არ არსებობს. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ, კარგად გავაანალიზო თუ რა მაკლდა თამაშის დროს, რა კომპონენტებში მოვიკოჭლებდი და შემდეგ ეს შეცდომები უშუალოდ ვარჯიშის პროცესში გამოვასწორო. რაც შეეხება მენტალურ და ფსიქოლოგიურ ბარიერებს, მათ დაძლევაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშობლები მეხმარებიან, რომლებიც სულ ჩემ გვერდით არიან, ყოველმხივ მამხნევებენ და გვერდში მიდგანან.
შენ განვლილ სპორტულ კარიერას თუ გადავხედავთ, რა იყო ის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც განსაკუთრებულად გახსოვს?
– აი, ეს კი, ნამდვილად კარგად მახსოვს და, როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემს პირველ პროფესიულ სეზონში, ბათუმთან ერთად, საკუთარ კედლებში, ჩვენი მაყურებლის წინაშე სუპერლიგის მოგება. დაუვიწყარი ემოცია იყო! ეს გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელი ქალაქისთვის და უბედნიერესი ვარ, რომ ამ გუნდთან და ამ ბიჭებთან ერთად, ამ დიდი გამარჯვების თანამონაწილე გავხდი.
ბლიც-კითხვები:
საყვარელი კალათბურთელი?
– ლუკა დონჩიჩი
იდეალური ხუთეული?
– PG. ლუკა დონჩიჩი, SG. კობი ბრაიანტი, SF. ლებრონ ჯეიმსი, PF. იანის ანტეტოკუმპო, C. შაკილ ო’ნილი
სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?
– Lil Baby & Drake – Yes Indeed
მატჩისწინა ჩვეულება?
– ყველა თამაშის წინ ვლოცულობ
რომ არა კალათბურთი?
– ალბათ, ფეხბურთი
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Nike
საყვარელი საგანი?
– სპორტის გაკვეთილები
ჰობი?
– მუსიკის მოსმენა
საყვარელი შემსრულებელი?
– Drake
მთავარი სპორტული ოცნება?
– საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში

Comments