top of page

დიანა არაბიძე

Sep 1
3 min read

Updated: Sep 30


სპორტი: ხელბურთი

ამპლუა: მარჯვენა ინსაიდერი

დაბ: თარიღი: 13 ივნისი 2007

კლუბი: ბსგ ბათუმი

ნომერი: 8

ნაკრები: U19 ნაკრები

ნომერი: 88


დიანა არაბიძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და „ბსგ ბათუმის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე და მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იგი წლებია სახელბურთო წრეებში კარგად ცნობილი და იმედისმომცემი ფიგურაა. 19-წლამდელთა გუნდამდე დიანა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებშიც ასპარეზობდა. მოგებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ასაკობრივ პირველობებში, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი 2025-2026 წლების სეზონი აღმოჩნდა, როდესაც ახალგაზრდა სპორტსმენმა, ფენომენალური თამაშის წყალობით, მოწინააღმდეგეთა კარში 89 გოლის გატანა შეძლო და ხელბურთში საქართველოს ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

 

დიანა, როგორ დაიწყო თქვენი ისტორია სპორტში? ბავშვობაში სხვა სახეობებით თუ იყავით დაკავებული და რამ განაპირობა საბოლოო არჩევანის სწორედ ხელბურთზე შეჩერება?

- ხელბურთი ჩემი პირველი სპორტი არ ყოფილა. ბავშვობიდანვე საკმაოდ აქტიური ვიყავი და სკოლის პერიოდში კალათბურთზე დავდიოდი. ასევე ძალიან მომწონდა ფრენბურთიც, სადაც ძალების მოსინჯვა დიდი სიამოვნებით მსურდა, თუმცა იქ, სადაც მე ვიზრდებოდი, ამ სახეობაზე სიარულის შესაძლებლობა არ არსებობდა. მოგვიანებით, ჩემმა მეგობარმა, რომელიც თავად იყო დაკავებული ხელბურთით, მირჩია, რომ მეც ვარჯიშზე გავყოლოდი. დამარწმუნა, რომ ეს თამაში აუცილებლად მომეწონებოდა. არ შემცდარა, პირველივე დღიდან შემიყვარდა ეს სპორტი და გადავწვყვიტე რომ სწორედ ხელბურთში დავრჩენილიყავი

 

როგორ შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები? ხომ არ ყოფილა გარკვეული წინააღმდეგობა მშობლების მხრიდან, თუ პირიქით პირველივე დღიდან მხარი დაგიჭირეს?

- არა, არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, პირიქით, პირველივე დღიდან ყოველმხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემი ოჯახის წევრები - მშობლები, და და მეგობრები დღემდე ჩემი მთავარი გულშემატკივრები არიან. თუმცა, პროცესში მამა მაინც განსაკუთრებულად არის ჩართული. მატჩების დროს ტრიბუნებიდან ყოველთვის მესმის მისი ხმა და გამამხნევებელი სიტყვები: „ყველაფერს შეძლებ, არაუშავს, გამოგივა!“ ეს მხარდაჭერა ყოველ ჯერზე უდიდეს ძალას მატებს. ნებისმიერი სპორტსმენისთვის, პროფესიულ გზაზე არსებული სირთულეების გადალახვაში, ოჯახის თანადგომა უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

 

დიანა, სირთულეები ახსენეთ. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სპორტში და რეალურად, რა ბარიერების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა ათლეტი?

- დიახ, სამწუხაროდ, სპორტი ყოველთვის მხოლოდ დადებით ემოციებს ვერ გვჩუქნის ყველაზე რთული მაინც ყოველდღიური ვარჯიში, დამღლელი საწვრთნელი პროცესი და ის საშეჯიბრო წნეხია, რომელსაც მუდმივად გრძნობ. რა თქმა უნდა, ემოციურად ძნელია, როდესაც მოედანზე ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც გსურდა. ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება, როდესაც საქმეში უდიდეს შრომას დებ, ყოველდღიურ რეჟიმში იხარჯები, მაგრამ ამის მიუხედავად, მატჩი მარცხით მთავრდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ყოველივე სპორტის განუყოფელი ნაწილია. ასეთ მომენტებში ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, თუ რატომ დავიწყე ხელბურთი, რისთვის ვიბრძვი და შინაგანად ვპოულობ ძალას, რომ არასოდეს დავნებდე და შრომა განვაგრძო.

 

თუმცა, სირთულეებთან ერთად, სპორტს უამრავი დადებითი მომენტიც ახლავს. კარიერიდან რომელი ეპიზოდი გახსენდებათ ყველაზე ემოციურად?

- რა თქმა უნდა, სპორტს უდიდესი ბედნიერებისა და სიხარულის ჩუქებაც შეუძლია. პირადად მე არაერთი ასეთი დასამახსოვრებელი დღე მქონია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი შიდა-ასაკობრივ ჩემპიონატს უკავშირდება, როდესაც მშობლიური გუნდის ტყიბულის  შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. თამაშის მიწურულს ანგარიში თანაბარი იყო და საფინალო სასტვენამდე სულ რაღაც 5 წამით ადრე, შორეული დარტყმით გადამწყვეტი გოლის გატანა მოვახერხე, გავიმარჯვეთ და საქართველოს ჩემპიონები გავხდით. ნამდვილად დაუვიწყარი ემოცია იყო.

ასევე ცალკე აღნიშვნას ნაკრებში თამაშიც იმსახურებს. საქართველოს სახელით ასპარეზობა ყოველთვის დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული მომენტია, თუმცა მაინც გამოვყოფდი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ შეხვედრას. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მეტოქის კარში 12 გოლის გატანა შევძელი, რაც ჩემს კარიერაში ერთ-ერთ მმიშვნელოვან სპორტულ მოგონებად დარჩება

 

თვალები რომ დახუჭოთ და წარმოიდგინოთ თქვენი კარიერის პიკი 5 ან 10 წლის შემდეგ სად ხედავთ საკუთარ თავს, რომელ გუნდში ან რომელ ტურნირზე?

- თვალები რომ დავხუჭო და ჩემი იდეალური სპორტული მომავალი წარმოვიდგინო, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, უფრო მეტიც, ფინალური მატჩის თამაშს ვისურვებდი. ხოლო საკლუბო დონეზე, ჩემი უდიდესი სურვილი ნორვეგიის ან ბრაზილიის ჩემპიონატში ასპარეზობაა. ალბათ, სწორედ ასეთი იქნებოდა ჩემი საოცნებო კარიერა.

 

ბლიც-კითხვები:


საყვარელი ხელბურთელი?  

- ნორა მორკი და გიორგი ცხოვრებაძე

ტოპ 5 ხელბურთელი? 

- გიორგი ცხოვრებაძე. მატიას გიდსელი, ჰენი რეისტადი, ნორა მორკი, კრისტინა ნეაგუ

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ? 

- არა, კონკრეტული სამოტივაციო სიმღერა არ მაქვს

მატჩისწინა ჩვეულება? 

- პირჯვარს ვიწერ და ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ მოედანზე

რომ არა ხელბურთი? 

- ალბათ, კალათბურთი  

საყვარელი სპორტული ბრენდი? 

- Adidas

საყვარელი საგანი?   

- დაწყებით კლასებში ხელოვნება და შემდგომ მათემატიკა

ჰობი?

- ხატვა, სირბილი, მუსიკის მოსმენა

საყვარელი შემსრულებელი?

- Kirame, Miyagi, Miguel, Adriano Celentano

სპორტული ოცნება? 

- ევროპის ტოპ ლიგაში თამაში






 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page