გიორგი კუპრეიშვილი

სპორტი: რაგბი
ამპლუა: ფულბეკი
დაბ. თარიღი: 22 ნოემბერი 2009
კლუბი: რკ „ფოთი“ (საქ.)
ნომერი: 15
ნაკრები: U18 ნაკრები
ნომერი: 15
საქართველოს თვრამეტწლამდელთა ეროვნული ნაკრებისა და სარაგბო კლუბ „ფოთის“ მორაგბე გიორგი კუპრეიშვილი იმ ახალგაზრდა სპორტსმენების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარი მიზნისთვის ყოველდღიურად, თავდაუზოგავად იბრძვიან. მშობლიური ქალაქის, ზუგდიდის სარაგბო კლუბ „სოხუმში“ დაწყებული სპორტული კარიერა დღეს „ფოთის“ რიგებში გრძელდება, სადაც ის ფულბეკის პოზიციაზე ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. აღსანიშნავია, რომ გიორგი კვლავ ზუგდიდში ცხოვრობს და ვარჯიშებზე დასასწრებად ყოველდღიურად უწევს ორ ქალაქს შორის მგზავრობა.
მისმა შრომამ, დისციპლინამ და მოედანზე ნაჩვენებმა თამაშმა შედეგი გამოიღო, რაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრითა და საფრანგეთის წინააღმდეგ ჩატარებული სადებიუტო მატჩით დაგვირგვინდა. გიორგი 2026 წელსაც ნაკრების წევრად მოიაზრებოდა, თუმცა ტრავმამ საშუალება არ მისცა, გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გაჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, ეს მისთვის მხოლოდ დროებითი პაუზაა. ის ახლა აქტიურ სარეაბილიტაციო კურსს გადის და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ჩვენ გიორგის მის პირველ ნაბიჯებზე, სპორტულ კარიერაზე, სანაკრებო ემოციებსა და სამომავლო მიზნებზე ვესაუბრეთ.
გიორგი, ყველასთან საუბარს ერთი კითხვით ვიწყებთ – მოდი, გავიხსენოთ შენი პირველი ნაბიჯები რაგბიში. როგორ მოხვდი ამ სპორტში, რატომ აირჩიე მაინცდამაინც ოვალური ბურთი და სად დაიწყო შენი სპორტული კარიერა?
– ჩემი სპორტული კარიერა მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში, რაგბის კლუბ „სოხუმში“, რვა წლის ასაკში დაიწყო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ სპორტზე ბევრი არაფერი ვიცოდი. უბრალოდ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, დავით კუკავა, დადიოდა რაგბიზე და ხანდახან თავის ვარჯიშებზე მიყვებოდა ხოლმე. ერთ დღესაც მთხოვა, გავყოლოდი და მის ვარჯიშს დავსწრებოდი. დავითის მამამ, ბატონმა ჯუმბერმა, სტადიონზე წაგვიყვანა. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი გადაკვეთა რაგბისთან და პირველი უშუალო შეხება სპორტის ამ სახეობასთან. ძალიან მომეწონა, რაც იქ ვნახე – ბიჭები იმ დღეს პირისპირ ბოჭვებზე ვარჯიშობდნენ. იმდენად მოვიხიბლე, რომ სახლში მისულმა მშობლებს მაშინვე ვთხოვე, რაგბიზე შევეყვანე.
როგორი იყო მშობლების პირველი რეაქცია?
– სიმართლე გითხრათ, თავიდან სპორტის ასეთ კონტაქტურ სახეობაზე ჩემი შეყვანა დიდად არ უნდოდათ, მაგრამ არაერთი თხოვნის შემდეგ, საბოლოოდ, მამა დამთანხმდა და დაახლოებით ერთ კვირაში უკვე ვარჯიშიც დავიწყე.
რაგბის ვარჯიშის ყურებით გარედან შეიძლება კი მოიხიბლე, მაგრამ ერთია ყურება, მეორე – უშუალოდ მოედანზე გასვლა. როგორი იყო შენი პირველი ვარჯიში? გულის სიღრმეში ხომ არ ინანე ეს გადაწყვეტილება?
– არა, სინანულით ნამდვილად არაფერი მინანია. მართალია, იყო მომენტი, რომელიც დღემდე მწარედ მახსოვს (იცინის). პირველივე ვარჯიშზე მუცელში ბუცი ისე ძლიერად მომხვდა, რომ ტკივილისგან ჩავიკეცე და ცრემლებიც წამომივიდა. მიუხედავად ამისა, თავის დანებებაზე ერთხელაც არ მიფიქრია. უშუალოდ ვარჯიში კი უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე შორიდან ყურება. ჩემი პირველი მწვრთნელები ნიკა სორდია და დავით დგებუაძე იყვნენ, რომლებმაც პირველივე დღეს პასები და თამაშის ელემენტარული წესები ამიხსნეს. იმ დღიდან მოყოლებული, რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
მკაცრი რეჟიმისა და ყოველდღიური მძიმე ვარჯიშების გამო ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. მაშინ, როცა შენს თანატოლებს სულ სხვა, ბევრად თავისუფალი ცხოვრების წესი აქვთ, რა გაძლევს ძალას, რომ არ გაჩერდე?
– ბავშვობიდან ძალიან ენერგიული ვიყავი და არ მინდა, ეს ენერგია ფუჭად გავფლანგო. ჩემთვის სპორტული რეჟიმი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვა დანარჩენი. მართალია, ცხოვრებაში უამრავი გასართობია, რაც გაცილებით ნაკლებ შრომას მოითხოვს, მაგრამ მე ვარჯიშითა და თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ეს ჩემთვის ტვირთი არასდროს ყოფილა – ფიზიკური აქტივობის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.
გიორგი, თუ გახსოვს ის კონკრეტული მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ რაგბი შენთვის უბრალოდ ბავშვური გართობა აღარ იყო და გადაწყვიტე, პროფესიონალი მორაგბე გამხდარიყავი?
– ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, ეს თანდათანობით მოვიდა, მაგრამ იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი. 12-13 წლის ვიქნებოდი, როდესაც გუნდის კაპიტნად ამირჩიეს. მწვრთნელმა ბიჭებს ხმის მიცემის უფლება მოგვცა და უმრავლესობამ სწორედ მე დამიჭირა მხარი. მახსოვს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, მოტივაცია გამიორმაგდა, მოედანზეც და მის მიღმაც უფრო დისციპლინირებული გავხდი. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი.
როგორ განვითარდა შენი შემდგომი სპორტული კარიერა?
– როგორც გითხარით, პირველი ნაბიჯები რაგბის კლუბ „სოხუმში“ გადავდგი, თუმცა, სამწუხაროდ, კლუბი მოგვიანებით დაიშალა. ამის შემდეგ მე და რამდენიმე ბიჭმა ქუთაისში, სარაგბო კლუბ „აიაში“ გადავწყვიტეთ სიარული. იქ გატარებულმა დრომ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. სწორედ ქუთაისში გავიაზრე ბოლომდე ჩემი სათამაშო პოზიციის, ფულბეკის როლი. ამის შემდეგ კი სარაგბო კლუბ „ფოთს“ შევუერთდი.
როგორ შეეგუე ფოთში გადმოსვლას?
– ფოთში არ გადმოვსულვარ, დღემდე ზუგდიდში ვცხოვრობ.
ანუ ყოველდღე ზუგდიდიდან ფოთში დადიხარ? როგორ ახერხებ ამას, არ გიჭირს?
– დიახ, ზუგდიდიდან ფოთში ყოველდღე დავდივარ. დილით სამარშრუტო ტაქსით მივდივარ, უკან დაბრუნებისას კი ხშირად ავტოსტოპითაც მიწევს წამოსვლა. როგორ გითხრათ, ამას არავინ მაძალებს (იცინის) ეს ჩემი პირადი არჩევანია ასე რომ არა არ მიჭირს.
გასაგებია. კარგი, მოდი, შენს სანაკრებო გამოცდილებასაც შევეხოთ. საქართველოს თვრამეტწლამდელთა ეროვნულ ნაკრები. როგორ მოხვდი გუნდში? გქონდა ამის მოლოდინი?
– არა, ნამდვილად არ მქონია. ჩემთვის წინასანაკრებო შეკრებაზე მოხვედრაც კი ოცნების ასრულება და დაუვიწყარი ემოცია იყო. ბოლო შეკრებას თბილისში გავდიოდით. სურვილი დიდი მქონდა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საბოლოო შემადგენლობაში დამტოვებდნენ. მოსამზადებელ პერიოდში მწვრთნელებისგან შენიშვნებსაც ხშირად ვიღებდი და ქებასაც ვიმსახურებდი, რის გამოც ბოლომდე გაურკვევლობაში ვიყავი.
როდესაც შეკრება დასრულდა, დასავლეთ საქართველოდან წასული სამი ბიჭი ცალკე დაგვტოვეს. თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. მეგონა, უბრალოდ რაღაც საქმე ჰქონდათ, მაგრამ როცა ნაკრების მოთამაშისთვის განკუთვნილი სამი ჩანთა დავინახე, მაშინვე ვიკითხე: „მესამე ჩემია-მეთქი?“ მიპასუხეს: „კი, გილოცავთ, ნაკრების წევრი ხარო!“ მაინც ვერ ვიჯერებდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა. გახარებულმა მაშინვე მშობლებსა და ძმაკაცებს დავურეკე.
როგორ შეხვდნენ მშობლები ამ ამბავს?
– დედაჩემმა სიხარულისგან იტირა, სახლში ჩასულს კი უკვე დიდი, გაშლილი სუფრა დამხვდა (იცინის).
როგორი იყო შენი სანაკრებო დებიუტი?
– სანაკრებო დებიუტი საფრანგეთის წინააღმდეგ მქონდა. ჰიმნზე რომ დავდექი, სიხარული, ნერვიულობა, ყველა ემოცია ერთად მომაწვა. თუმცა, როგორც კი მოედანზე შევედი, ყველაფერმა ნელ-ნელა გამიარა, დამავიწყდა და მთლიანად თამაშზე ვკონცენტრირდი. ეროვნულ ნაკრებში თამაში სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და უდიდესი პატივია.
გიორგი, როგორც ვიცით, ახლა ტრავმას იშუშებ და სარეაბილიტაციო კურსს გადიხარ, რის გამოც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვე. როდის უბრუნდები მოედანს და როგორია შენი უახლოესი გეგმები?
– დიახ, ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. ინტენსიურად ვვარჯიშობ, მთლიანად აღდგენაზე ვარ გადართული და წესით, მალე დავუბრუნდები მოედანს. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ახლა ჩემი მთავარი ფიქრი მხოლოდ რაგბის თამაშია. მინდა, მალე მომეცეს შესაძლებლობა, ჩემს კლუბს, „ფოთს“ წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
ფოთში დღეს ძალიან კარგი სარაგბო გარემო და განწყობაა – ჩვენი უფროსების გუნდიც „დიდი 10“-ისკენ მიიწევს. მჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.
ბლიც-კითხვები:
საყვარელი რაგბისტი?
– ბოდენ ბარეტი
ყველა დროის ტოპ 5 რაგბისტი?
– მამუკა გორგოძე, დენ კარტერი, ლომუ, რიჩი მაკქოუ, არდი სავეა
სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?
– ზურა ბენიაიძის ,,300 არაგველი“
მატჩისწინა ჩეულება?
– მოედანზე შესვლის დროს პირჯვარს ვიწერ
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Adidas
საყვარელი საგანი?
– მათემატიკა
ჰობი?
– ფრენბურთის თამაში
საყვარელი მუსიკალური ჟანრი?
– უფრო რეპი
რომ არა რაგბი?
– ფრენბურთი
სპორტული ოცნება?
– რაგბის პროფესიონალურ დონეზე თამაში

Comments