top of page

გაბრიელ ბალანჩივაძე

Sep 2
3 min read

Updated: Sep 30


სპორტი: კალათბურთი

ამპლუა: მსუბუქი ფორვარდი | ფორვარდი

დაბ. თარიღი: 28 აპრილი, 2009 წელი

კლუბი: ს.კ. ვინგსი U18 | U22

ნომერი: 55 | 55

ნაკრები: U18 ნაკრები

ნომერი: 5


გაბრიელ ბალანჩივაძე — საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ა-დივიზიონის 2025-2026 წლების სეზონის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე (MVP) და უპირობო ლიდერი. აღსანიშნავია, რომ გაბრიელი საკალათბურთო კლუბ „ვინგსს“ წინა სეზონის დასაწყისში შეუერთდა, სადაც ადაპტაციის პერიოდი მინიმუმამდე დაიყვანა და სადებიუტო წელსვე, მისი ფენომენალური თამაშის წყალობით, გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გაბრიელი მეტოქე გუნდის კალათბურთელებისთვის როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაშისას ნამდვილ თავის ტკივილად იქცა, რაზეც მისი გასული სეზონის სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს.

ბალანჩივაძე, რომელმაც ლიგის მოთამაშეებს შორის პარკეტზე ყველაზე მეტი დრო დაჰყო, ჯამში მოპოვებული 734 ქულით (საშუალოდ 21.59 ქულა, ლიგაში მე-4 შედეგი) ჩემპიონატის საუკეთესო მექულე გახდა. მისი გაჩერება მეტოქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა შესაბამისად, მასზე ლიგაში ყველაზე მეტჯერ - 262-ჯერ დაჯარიმდნენ. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მის შესაჩერებლად. იგი საჯარიმოებს 72.82%-იანი სიზუსტით ასრულებდა და ლიგაში, ასევე ყველაზე მეტი - 225 ზუსტი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა. ამასთან, მან თავი შეტევის კიდევ ერთ კომპონენტში შედეგიანი გადაცემებშიც გამოიჩინა და  131 ასისტით ლიგაში მე-7 პოზიცია დაიკავა.

შეტევის გარდა, ახალგაზრდა კალათბურთელი ასევე საოცრად ირჯებოდა დაცვაშიც — 121 ჩაჭრით მან ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, რასაც 41 დაფარებაც (მე-7 შედეგი) დაურთო. მიუხედავად ასეთი დატვირთული სეზონისა, U18 გუნდის პარალელურად, მან ძალები „ვინგსის“ U22 შემადგენლობაშიც მოსინჯა. ბრწყინვალე სეზონის ლოგიკური გაგრძელება კი საქართველოს  U18 ნაკრებში გამოძახება და 2026 წლის ევრობასკეტზე ასპარეზობა გახლდათ.

 

გაბრიელ, გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები კალათბურთში, როგორ და რა ასაკში შემოვიდა სპორტის ეს სახეობა შენს ცხოვრებაში?

– კალათბურთის თამაში თბილისის 52-ე საჯარო სკოლის საკალათბურთო წრეში დავიწყე, სადაც თავდაპირველად მშობლებმა შემიყვანეს. სწორედ იქ მქონდა პირველი შეხება კალათბურთთან, პირველი გაკვეთილები და ვარჯიშები. სპორტის ეს სახეობა იმდენად მომეწონა, რომ სულ მალე, დაახლოებით ერთ წელში, მშობლებმა უკვე სკოლის მიღმა, საკალათბურთო კლუბ „მაკაბიშიც“ მიმიყვანეს. ამის შემდგომ იყო თსუ-ს გუნდი, ახლა კი „ვინგსის“ ღირსებას ვიცავ, სადაც უკვე მეორე წელი იწყება, რაც ვთამაშობ.


პასუხში რამდენჯერმე ახსენე მშობლები. გამოდის, რომ საკალათბურთო არჩევანზე და ამ სპორტით დაინტერესებაზე უპირველესი გავლენა სწორედ ოჯახს ჰქონდა?

– დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ჩემი ინტერესის გაღვივების მთავარი ფაქტორი თავდაპირველად სწორედ მშობლები იყვნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მამა ახალგაზრდობაში თამაშობდა კალათბურთს. ბავშვობიდან მასთან ერთად ვუყურებდი NBA-ის მატჩებს და ასე, ნელ-ნელა, ჩემშიც გაჩნდა ეს ინტერესი. მამა დღემდე აქტიურად მეხმარება და მაქსიმალურად არის ჩართული ჩემს სპორტულ კარიერაში. არცერთ თამაშს არ ტოვებს, მუდმივად ჩემ გვერდითაა და სასარგებლო რჩევებს მაძლევს. ის ჩემი მთავარი გულშემატკივარია და, საბოლოო ჯამში, რომ ვთქვათ, დიახ, თავდაპირველად ოჯახის ირიბი გავლენა შეიძლება რომ მართლაც იყო.

 

შენი კარიერის მანძილზე უკვე რამდენიმე კლუბში მოასწარი თამაში, შესაბამისად, ბევრ მწვრთნელთან მოგეცა ვარჯიშის შესაძლებლობა. როგორ ფიქრობ, ვინ იქონია შენზე ყველაზე დიდი გავლენა ან რა არის ის რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა?

– კი, მართლაც არაერთ მწვრთნელთან მომიწია ვარჯიში. პირველი მწვრთნელი ლაშა ელბაქიძე იყო, რომელმაც, ასე ვთქვათ, კალათბურთის ანბანი მასწავლა. შემდგომ იყო თსუ და ბატონი ნუგზარ ჭეიშვილი, ახლა კი ჩემი მწვრთნელია ნიკა ბურჯანაძე. ასევე ნაკრებში მქონდა გამოცდილება ანატოლი ბოისასთანაც. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ყოველთვის სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და ჩემი, როგორც მოთამაშის პროგრესი, თითოეული ამ ადამიანის დამსახურებაა, რადგან მათთან მუშაობით ყოველდღიურად ვითარდებოდი. თუმცა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბატონი ნუგზარ ჭეიშვილის სიტყვები, რომ „კალათბურთში მოკლე გზა არ არსებობს — მიზნამდე მისაღწევად გზას ვერ შემოუვლი“.

 

ამ მიზნამდე მიმავალ გზაზე, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ახალგაზრდა სპორტსმენს?

– პირველ რიგში, ალბათ  საკუთარმა თავმა. დისციპლინის არქონამ ან სიზარმაცემ. თუმცა, გარდა ამისა, შესაძლოა გარე ფაქტორიც გახდეს მიზეზი, თუნდაც იგივე ტრავმა.

 

გაბრიელ, როგორია შენი უახლოესი გეგმები და მიზნები? ზოგადად, როგორ უყურებ საკუთარ განვითარებას და რომელი სათამაშო კომპონენტის დახვეწას ისურვებდი თუნდაც მომავალ სეზონში ყველაზე მეტად?

– ალბათ სროლას. დიახ, ალბათ ყველაზე მეტად მეტად ამ კომპონენტის დახვეწაზე მაქვს სამუშაო და სროლის დახვეწას ვისურვებდი. რაც შეეხება უახლოეს მიზნებს, ჯერჯერობით მთლიანად „ვინგსთან“ ერთად U18 ა ლიგაში ტიტულის დაცვაზე ვარ კონცენტრირებული. ბიჭებს ძალიან დიდი სურვილი და მონდომება გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები. ასევე, პერსონალურად მსურს ისეთი სეზონი მქონდეს, რომ კვლავ დავიმსახურო საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ნდობა, 2027 წლის ევრობასკეტისთვის შევძლო ნაკრების ფორმის კიდევ ერთხელ მორგება და ბიჭებთან ერთად ა დივიზიონის საგზურის მოპოვება. ჯერჯერობით მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

 

ბლიც-კითხვები:

 

საყვარელი კალათბურთელი?    

-კევინ დურანტი

იდეალური ხუთეული? 

- PG. სტეფ კარი, SG. კობი ბრაიანტი, SF. ლებრონ ჯეიმსი, PF. კევინ დურანტი  C. ნიკოლა იოკიჩი

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ? 

- კონკრეტული სიმღერა არ მაქვს

მატჩისწინა ჩვეულება? 

- თამაშის წინ ყოველთვის ვლოცულობ

რომ არა კალათბურთი? 

- ახლა იმდენად ვარ კონცენტრირებული კალათბურთზე, რომ სხვა რამ ვერც წარმომიდგენია

საყვარელი სპორტული ბრენდი? 

- Nike

საყვარელი საგანი? 

- ისტორია

ჰობი?  

- ფილმების ყურება

საყვარელი ფილმი? 

- Hustle

სპორტული ოცნება? 

- კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში



.


 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page