top of page

ანდრია კოჩაძე

Oct 20
3 min read

Updated: Oct 20


სპორტი: კალათბურთი

ამპლუა: გამთამაშებელი

დაბ: თარიღი: 5 იანვარი 2010

კლუბი: GBA Lions Jindřichův Hradec (ჩეხ)

ნომერი: 5


ანდრია კოჩაძე - სახელი და გვარი, რომელიც ფართო სპორტული საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ აღმოჩენის ფაზაშია, თუმცა ვიწრო საკალათბურთო წრეებში მასზე, როგორც გამორჩეულ ტალანტზე, უკვე დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ. ანდრია სწორედ იმ კატეგორიის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომელთა პარკეტზე ყოფნაც თამაშს განსაკუთრებულ სანახაობრიობას, სისწრაფესა და დინამიკას სძენს. მისი ეფექტური და ამავდროულად საოცრად ეფექტიანი სათამაშო სტილი ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

ახალგაზრდა კალათბურთელმა საკუთარი შესაძლებლობების ბრწყინვალე დემონსტრირება 2025-2026 წლების სეზონში მოახდინა, როდესაც 16 წლის ასაკში ერთდროულად ორ ფრონტზე - U16 ბ და U18 ბ-დივიზიონის ჩემპიონატებში უმაღლეს დონეზე იასპარეზა. საკალათბურთო კლუბ „მეგას“ აღზრდილმა საკუთარ გუნდში უპირობო ლიდერის როლი მოირგო, რაზეც მისი ფანტასტიკური მაჩვენებლები - საშუალოდ 31.9 ქულა, 14.5 მოხსნა და 5.4 შედეგიანი გადაცემა მეტყველებს. კოჩაძემ „მეგას“ U16 ბ-დივიზიონის ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მცირე ასაკის მიუხედავად, იგი უფროს, U18 ბ-დივიზიონშიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა: ჩატარებულ 21 შეხვედრაში მან ჯამში მოპოვებული 558 ქულით ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ხოლო საშუალოდ 34.0 სარგებლიანობის (EFF) კოეფიციენტით ტურნირის უპირველესი მოთამაშე გახდა. „მეგას“ U18 შემადგენლობასთან ერთადაც ანდრიამ ბრწყინვალე გზა განვლო და გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალურ სერიამდე მისასვლელად.

საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში ჩატარებული სეზონის შემდეგ, ნიჭიერი ქართველი კალათბურთელის კარიერაში სრულიად ახალი, საერთაშორისო ეტაპი იწყება. კოჩაძემ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და ჩეხურ კლუბს - „GBA Lions Jindřichův Hradec“-ს შეუერთდა. საგულისხმოა, რომ ევროპაში აღიარებულმა და ავტორიტეტულმა აკადემიამ პერსპექტიული ქართველი კალათბურთელი პირდაპირ კაცების პროფესიონალურ ჩემპიონატში (1. Liga - დასავლეთის ჯგუფი) დაარეგისტრირა, სადაც მას ზრდასრულ, გამოცდილ კალათბურთელებთან მოუწევს საკუთარი ძალებისა და ამბიციების დამტკიცება.

 

ანდრია, ჩვენი ტრადიციული პირველი კითხვით დავიწყოთ - რატომ კალათბურთი, როგორ და როდის მოხვდი სპორტის ამ სახეობაში?

– კალათბურთზე პირველად დედამ მიმიყვანა, როდესაც დაახლოებით 8 წლის ვიქნებოდი. ალბათ როგორც ბევრ მშობელს, დედასაც სურდა, რომ უბრალოდ სპორტით ვყოფილიყავი დაკავებული. მას ძალიან მოსწონდა ეს სახეობა და ამიტომაც შემიყვანა კალათბურთზე, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, თავდაპირველად ეს ჩემი პირადი ინტერესი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, რეალურად ასე იყო, სწორედ ასე მოვხვდი კალათბურთში.

 

საინტერესოა, რომ თავიდან ეს შენი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ ხომ არ გახსოვს როდის შეიცვალა ეს რეალობა და როდის მიხვდი, რომ ამ სპორტს უნდა გაჰყოლოდი?

– დიახ, ასე გამოდის. კალათბურთზე მისვლის სურვილი მე არ გამომითქვამს მაგრამ რეალობის შეცვლასაც დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. თავიდან მართალია, უბრალოდ ვარჯიშობდი, მაგრამ მალევე შემიყვარდა ეს სპორტი. სულ რამდენიმე ვარჯიში იყო ამისათვის საკმარისი. და მას შემდეგ კალათბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამას მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში დასჭირდა.

 

სად ხდებოდა ეს ყველაფერი – სად დაიწყე ვარჯიში და ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?

– საკალათბურთო კლუბ „მეგას“ აღზრდილი ვარ. 8 წლის ასაკში სწორედ ამ გუნდში მოვედი და 2026 წლის სექტემბერამდე სულ აქ ვთამაშობდი. ასე რომ, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო დავით წიკლაური, რომელთან ერთადაც დაახლოებით 3-4 წელი გავატარე და შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთის თამაში მასთან ვისწავლე. შემდგომ კი უკვე ჩემი მწვრთნელი ბოლო დრომდე ნიკა ხუციშვილი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, ჩემს შემდგომ განვითარებაზე ასევე უდიდესი გავლენა იქონია.

 

გამოდის, რომ ფაქტობრივად ნახევარი ცხოვრება კალათბურთში გაატარე. კარიერის განმავლობაში უკვე მოასწარი ემოციური მომენტების დაგროვება. რა არის ის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რაც ამ სპორტმა გაჩუქა?

– დიახ, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ეს თამაში ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მოედანზე განსაკუთრებით სწრაფი ტემპი და მოძრაობა მომწონს. თანაც, კალათბურთი გაძლევს შანსს, რომ ყოველთვის გადააჭარბო საკუთარ თავს, გააუმჯობესო ძველი შედეგები და ყოველდღე უკეთესი გახდე, ამიტომ დადებით მომენტებს ყოველდღიურად ვიღებ. თუმცა სპორტული თვალსაზრისით, ჯერჯერობით მაინც „მეგასთან“ ერთად გასულ წელს U16 ბ-დივიზიონის მოგებას გამოვყოფდი. ბევრი გამარჯვება ყოფილა, მაგრამ მშობლიურ კლუბთან ერთად ასეთი მნიშვნელობის ტიტული ჯერ არ გვქონდა მოგებული. ამიტომ ეს ეპიზოდის და ამ დროს განცდილი ემოციები ჩემს მეხსიერებაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

 

და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები, სად და როგორ ხედავ საკუთარ თავს, პირობითად, ხუთი წლის შემდეგ?

– ამ ეტაპზე ჩემს თავს მხოლოდ პროფესიონალურ კალათბურთში ვხედავ. ჩემი უმთავრესი მიზანი უმაღლეს დონეზე ასპარეზობაა და ძალიან კარგი იქნება, თუ დასახულ მიზნებს სწორედ მომავალ ხუთ წელიწადში მივაღწევ. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

 

ბლიც-კითხვები:

 

საყვარელი კალათბურთელი?

– კევინ დურანტი

ყველა დროის ტოპ 5 ფეხბურთელი? 

– PG სტეფ კარი, SG მაიკლ ჯორდანი, SF ლებრონ ჯეიმსი, PF ტიმ დანკანი  C შაკილ ო’ნილი

სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ? 

– მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ (იცინის)

მატჩისწინა ჩეულება? 

– არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო

რომ არა კალათბურთი? 

– ალბათ ფრენბურთი

საყვარელი სპორტული ბრენდი? 

– Nike

საყვარელი საგანი? 

– სპორტის გაკვეთილები

ჰობი?

– ვიდეოთამაშები

საყვარელი თამაში? 

– Clash Royale

სპორტული ოცნება? 

– NBA-ში თამაში





 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page