ანასტასია ესართია

სპორტი: ხელბურთი
ამპლუა: მარცხენა ინსაიდერი
დაბ: თარიღი: 25 ივნისი 2010
კლუბი: კსუ-ოლიმპია (საქ)
ნომერი: 28
ნაკრები: U16 და U19 ნაკრები
ნომერი: 28
ანასტასია ესართია ქართული ქალთა ხელბურთის ახალი, ნიჭიერი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული წარმომადგენელია. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მან უკვე მოახერხა საკუთარი სახელი მკაფიოდ დაეფიქსირებინა სპორტის ამ სახეობაში, რაზეც მისი სტაბილური და პროდუქტიული თამაშიც მოწმობს. ანასტასია ერთდროულად არის საქართველოს 16 და 19-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი, სადაც მოედანზე ყოველთვის ლიდერის თვისებებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. სანაკრებო ასპარეზობის პარალელურად, ესართიას კარიერა შთამბეჭდავი საკლუბო მიღწევებითაც არის დატვირთული. მას მოგებული აქვს საქართველოს ასაკობრივი პირველობა, თუმცა მისი სპორტული გზის უმნიშვნელოვანესი ეტაპი 2025-2026 წლების სეზონს უკავშირდება. ამ პერიოდში იგი „აკადემია-ოლიმპიას“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ძალად და ლიდერად ჩამოყალიბდა. ანასტასიამ თავისი სტაბილური თამაშით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „აკადემია-ოლიმპიას“ მიერ საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.
ანასტასია, ჩვენი ტრადიციული კითხვა – როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელბურთში? როგორ მოხვდით სპორტის ამ სახეობაში? თუ გახსოვთ პირველი ვარჯიში ან ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც მიხვდით, რომ ეს სპორტი თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე გახდებოდა?
– დიახ, როგორ არ მახსოვს. ეს, ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური, თუმცა ამავდროულად ძალიან სახალისო ისტორიაა. ყველაფერი სკოლაში, სპორტის გაკვეთილებზე დაიწყო, სადაც ფრენბურთს ვთამაშობდი. ეს სახეობა იმდენად მომწონდა, რომ სურვილი გამიჩნდა, სკოლის მიღმაც, ასე ვთქვათ, პროფესიონალურად დავკავებულიყავი ამ სპორტით და ვარჯიშზე შევსულიყავი. ჩემი სურვილი მეგობარსაც გავანდე, რომელმაც მითხრა, რომ იცოდა, სად ტარდებოდა ფრენბურთის ვარჯიშები. მეორე დღესვე მივედით, თუმცა თავიდანვე დავეჭვდი და მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო — დარბაზის კედლებზე ხელბურთის სურათები დამხვდა და მოედანიც თითქოს არ ჰგავდა ფრენბურთისას. მიუხედავად ამისა, მაინც დავრჩი ვარჯიშზე. პირველივე დღეს ისე მომეწონა ეს სახეობა, რომ მას შემდეგ ხელბურთში ვარ.
ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი სპორტული კარიერა გაქვს: ხარ საქართველოს U16 და U19 ნაკრები გუნდების წევრი, ასევე ასაკობრივი ტურნირებისა და ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. მიუხედავად ამდენი ტიტულისა და წარმატებისა, მაინც რომელია შენთვის ყველაზე ემოციური და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მომენტი?
– რა თქმა უნდა, თითოეული გამარჯვება და ტიტული ჩემთვის ძვირფასია, რადგან მათ მიღმა უდიდესი შრომა დგას, თუმცა ჩემს კარიერაში სრულიად გამორჩეული და ემოციური მომენტი ნაკრების კაპიტნობა იყო. როდესაც მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიხარ და, ამავდროულად, გუნდს კაპიტნის ამპლუაში უძღვები, ეს უდიდესი პატივია და, ამავდროულად — უზარმაზარი პასუხისმგებლობა გოგონების წინაშე.
გოგონების წინაშე პასუხისმგებლობა ახსენე და საინტერესოა, როგორია შენი დამოკიდებულება მეტოქეებთან? ახერხებ თუ არა მოედნის მიღმა სხვა კლუბების სპორტსმენებთან მეგობრობას?
– მოედანზე თამაშზე ვართ სრულად კონცენტრირებულები, თუმცა მატჩის დასრულებისთანავე ყველაფერი იცვლება. დიახ, გუნდელებთანაც და მეტოქეებთანაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს. ბევრ მათგანთან ვმეგობრობ კიდეც და ეს მეგობრობა, ბუნებრივია, მოედნის მიღმაც ჩვეულებრივად გრძელდება.
და ბოლოს, როდესაც შენს სამომავლო კარიერასა და იმ მწვერვალებს წარმოიდგენ, რომელთა დაპყრობაც გსურს, სად ხედავ საკუთარ თავს?
– ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეროვნული ნაკრები. ჩემი უმთავრესი მიზანია, გოგონებთან ერთად უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმებზე ვიასპარეზო და ჩვენი ქვეყანა ვასახელო. ამასთანავე, სამომავლოდ საკუთარ თავს ევროპის ერთ-ერთ გრანდში ვხედავ. ჩემი ოცნებაა ხელბურთის უმაღლეს დონეზე – ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენ და გუნდთან ერთად დიდ მწვერვალებს დავიპყრობ.
ბლიც-კითხვები:
საყვარელი ხელბურთელი ?
– ჰენი ელლა რეისტადი
ყველა დროის ტოპ 5 ქალი ხელბურთელი
– ჰენი ელლა რეისტადი, ნორა მორკი, ანა ვიახირევა, სარა ბუკტიტი, კატრინ ლუნდე
სამოტივაციო სიმღერა მატჩის წინ?
– ძირითადად ქართულ სიმღერებს ვუსმენ მაგალითად - ,,მგზავრებს“
მატჩისწინა ჩვეულება?
– განსაკუთრებული რიტუალი ან ცრურწმენა არ მაქვს. ჩემი მთავარი ამოცანა მატჩის წინ სიმშვიდის შენარჩუნებაა
რომ არა ხელბურთი?
– ალბათ, მაინც სპორტის სხვა სახეობა. ჩემთვის აქტიური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია.
საყვარელი სპორტული ბრენდი?
– Adidas
საყვარელი საგანი?
– ისტორია
ჰობი?
– სერიალების და ფილმების ყურება
საყვარელი ფილმი ან სერიალი
– ზოგადად, მოტივაციური სპორტული ფილმები. განსაკუთრებით მიყვარს - „მწვრთნელი კარტერი“ (Coach Carter)
მთავარი სპორტული ოცნება?
– ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ასპარეზობა და გერმანიის ლიგაში თამაში

ბუძას ანასტასია მაგარი ყოჩაღი გოგოა!
წარმატებები!
💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖