top of page

ამირან აროშიძის შთამბეჭდავი სტარტი სუპერლიგაში: მოედანზე ნაპოვნი სიმშვიდე და თსუ-ს საჩემპიონო ამბიციები

Oct 27
4 min read

თსუ-ს ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, ამირან აროშიძემ ფართო სპორტული აუდიტორიის ყურადღება 2026 წლის ევრობასკეტზე, საქართველოს U20 ნაკრებში ასპარეზობისას მიიქცია, როდესაც ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. თუმცა საკალათბურთო წრეებში ამირანი წლებია მომავალი თაობის გამორჩეულ და იმედისმომცემ მოთამაშედ გვევლინება. ასაკობრივ ლიგებში წარმატებული თამაშის შემდეგ, 2026-2027 წლების სეზონში აროშიძე თსუ-ს შემადგენლობაში სრულიად ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

შარშანდელი სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელი თსუ, რომელმაც წელს პირველი ტიტული – ქვეყნის სუპერთასი უკვე მოიგო, ახალ სეზონში ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთა რიცხვში მოიაზრება. ასეთ ამბიციურ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშე სეზონის დასაწყისშივე გამორჩეული ფიგურა და გუნდის წარმატებული სტარტის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. სწორედ მის კარიერულ პროგრესზე, თსუ-ს საჩემპიონო გეგმებზე, და სხვა საინტერესო თემებზე Youth Sports Magazine ამირან აროშიძეს ესაუბრა.


მთავარი გარდატეხა, სეზონის დასაწყისი და თსუ-ს საჩემპიონი ამბიციები


ამირან, თსუ-ისთვის სეზონი ძალიან ემოციურად დაიწყო. სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგება პრინციპულ მეტოქესთან – ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ბათუმთან“ და დამაჯერებელი სტარტი ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა, რომ წინ ხანგრძლივი და დაძაბული სეზონია, როგორ ფიქრობ, რა არის გუნდის ასეთი გამოსვლის მთავარი მიზეზი?

– დიახ, სეზონის სტარტი მართლაც კარგი გამოვიდა. გუნდში ამ დროისთვის იდეალური სიტუაციაა, როგორც იტყვიან, ნამდვილი გუნდური ატმოსფერო სუფევს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, ბიჭებს ტრავმები არ გვაწუხებს. თავიდანვე ძალიან სწორად და ინტენსიურად დავიწყეთ მზადება სეზონისთვის. ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მაქსიმალურად ვეხმარებით ერთმანეთს და ვცდილობთ, ყოველთვის ერთი აზრი და, ზოგადად, ერთიანობა შევინარჩუნოთ. ასეთი ერთობა კი, თავისთავად, გუნდის შედეგებზეც დადებითად აისახება.

რაც შეეხება სუპერთასს, „ბათუმთან“ მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. ვიცოდით, რომ კარგი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამის დამტკიცება არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ, პირველ რიგში – საკუთარი თავისთვის გვსურდა. ამ გამარჯვებამ უდიდესი შინაგანი ენერგია, მეტი თავდაჯერებულობა და მუხტი მოგვცა, რაც მომდევნო - სუპერლიგის თამაშებშიც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ.


წინა წელთან შედარებით შენი როლი გუნდში აშკარად შეიცვალა. სათამაშო დროც მკვეთრად გაგეზარდა, ხოლო შენი დამაჯერებელი თამაში კლუბის წარმატებული სტარტის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ეს პროგრესი განაპირობა?

– ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმ დიდი შრომის შედეგია, რაც სეზონთაშორის პერიოდში გავწიე. დარბაზში ძალიან დიდ დროს ვატარებდი, ყოველდღე ვვარჯიშობდი და ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შევხვედროდი. გარდა ამისა, მოედანზე სათამაშო ხასიათიც შევიცვალე. თუ ადრე ყოველ პატარა შეცდომაზე, ბურთის დაკარგვასა თუ არაზუსტ ტყორცნაზე ემოციური რეაქცია მქონდა, ახლა ბევრად მშვიდი გავხდი, რაც, თავის მხრივ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარება და თამაშის ხარისხზეც უკეთ აისახება. მიხარია, რომ მწვრთნელმა ეს ყველაფერი დაინახა, ნდობა გამომიცხადა, მე კი უბრალოდ ვცდილობ, ეს შანსი ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშზე მაქსიმალურად გამოვიყენო. იმედი მაქვს, ამ ფორმას შევინარჩუნებ და გუნდს მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარები.


რა მიზანი აქვს თსუ-ს ამ სეზონში?

– მიზანი უცვლელია. საკუთარ თავს სეზონის გადამწყვეტ სერიაში ვხედავთ და დიდი სურვილი გვაქვს, რომ სერია ამჯერად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის.


ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად, ვინ შეიძლება ამ მიზნის მიღწევაში წინ აღგიდგეთ?

– რთული სათქმელია, ბევრი გუნდი გაძლიერდა. იოლ მატჩებს არავისთან ველით. წინ ხანგრძლივი სეზონია და ჩემპიონობის ბედი მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრეს კონკურენტებად მაინც „კსუ-კავკასიასა“ და „ბათუმს“ დავასახელებდი.

 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ კლუბებს სუპერლიგის პარალელურად ევროტურნირებზე უწევთ ასპარეზობა. ეს დამატებითი უპირატესობა ხომ არ იქნება თსუ-სთვის?

– მესმის, რასაც გულისხმობთ. დიახ, ამ გუნდებს უფრო გადატვირთული კალენდარი ექნებათ და არ გამოვრიცხავ, რომ სეზონის სტარტზე აღნიშნულმა ფაქტორმა გარკვეულწილად ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს. თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე ასპარეზობით ისინი დიდ გამოცდილებასაც იღებენ. ასე რომ, წინასწარ გადაჭრით ვერ ვიტყვი, ვისთვის არის უკეთესი ან უარესი ის ფაქტი, რომ ეს კლუბები ევროტურნირებზე გამოდიან. ამას, ალბათ, სეზონის დასრულების შემდგომ უკეთ შევაფასებთ.


NBA-ს ლეგენდის პირისპირ და გულშემატკივრის ფაქტორი


ამირან, გვერდს ვერ ავუვლით „ბლექ ფორტრესთან“ გამართულ მატჩს და დუაით ჰოვარდთან დაპირისპირებას. როგორი განცდა იყო, როდესაც მოედანზე NBA-ს ლეგენდის პირისპირ აღმოჩნდი? წარმოიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოს სუპერლიგაში ჰოვარდის წინაარმდეგ  ითამაშებდი თბილისში?

– დიახ, წარმოვიდგენდი (იცინის). ეს ხუმრობით. არა, რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი. ასეთ დიდ კალათბურთელთან თამაში ძალიან სასიამოვნო და  დასამახსოვრებელი მომენტი იყო.


შეგიძლია გაიხსენო ზოგადად ის დღე, რაიმე გამორჩეული მომენტი ხომ არ გქონდა ჰოვარდთან?

– არა, მოედნის მიღმა რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული კვეთა არ გვქონია, თუმცა თამაშის დროს იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. საოცარი დღე იყო. დარბაზი, გულშემატკივრობა, იდეალური ატმოსფერო იყო. ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ასეთ გარემოში თამაში. მომავალშიც ვისურვებდი, რომ სუპერლიგის თამაშებზე მუდამ ასეთი ატმოსფერო სუფევდეს და ყოველთვის ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი გვყავდეს დარბაზში.


საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ეროვნული გუნდების ასპარეზობას, ტრიბუნების შევსება, ფაქტობრივად, ყველა სპორტში პრობლემური საკითხია. პირადად შენ როგორ უყურებ ამ ფაქტს?

– დიახ, ეს გამოწვევა არსებობს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს თამაშებზე თსუ-ს სტუდენტები ხშირად მოდიან და გვერდში გვიდგანან, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და შევეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ. მაგრამ, ზოგად სურათს თუ შევხედავთ, ეს პრობლემა ნამდვილად სახეზეა. რა გითხრათ, ალბათ არა მხოლოდ კალათბურთელი, არამედ ყველა სპორტსმენი დამეთანხმება, რომ მაყურებლის წინაშე და მის გარეშე თამაში ორი აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა. როდესაც დარბაზი სავსეა, ან თუნდაც ნახევრად სავსე, თამაშის ხარისხი, მუხტიც და, შესაბამისად, სანახაობაც ნამდვილად სხვა დონეზე ადის. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის კი ეს უდიდესი მოტივაციაა.


ახალგაზრდული ტალღა სუპერლიგაში: ვის მივაქციოთ ყურადღება?


და ბოლოს, ამირან, საინტერესოა შენი აზრი სუპერლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელების შესახებ. ჩვენს მკითხველსა და ზოგადად გულშემატკივრებს ვის თამაშს ურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ?

– დიახ, წელს ახალგაზრდებს მეტი შანსი გვეძლევა და ეს ძალიან მახარებს. მართალია, ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები სათამაშო დრო აქვს, მაგრამ, საერთო ჯამში, სუპერლიგაში ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელთა ყურება და დაკვირვება მართლაც ღირს. ამ ბიჭების უმრავლესობას დიდი ხანია ვიცნობ. ბევრის წინააღმდეგ ასაკობრივ ლიგებში მითამაშია, ბევრთან ერთად კი ასაკობრივ ნაკრებებშიც ვყოფილვარ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს ან საწყენად დარჩეს, თუმცა, ერთი შეხედვით, მაინც ამ ეტაპზე რეზი თავართქილაძეს, ალექსანდრე ვაშაკიძეს, გიორგი დოხნაძესა და გიორგი ჭირაქაძეს გამოვყოფდი. დარწმუნებული ვარ, „ჭირაქას“ ძალიან კარგი სეზონი ექნება, საოცრად მშრომელი და მონდომებული ბიჭია. ვნახოთ, წინ საინტერესო ჩემპიონატი გველის. მჯერა, რომ თითოეულ ახალგაზრდას, თუკი ამის საშუალება მიეცემა, თავისი თამაშით შეუძლია სუპერლიგა კიდევ უფრო საინტერესო და ყურებადი გახადოს.

 

 
 
 

Comments


Fixit Sports Logo - Circle with Letter X in the middle
  • TikTok
  • Instagram

YOUTH SPORTS MAGAZINE 

PRESENTED BY FIXIT SPORTS 

bottom of page